ბიძინა კულუმბეგოვი - ანაფილაქსიური რეაქცია სრულიად მარტივ წამლებზეც კი ვითარდება, ამისგან არავინ არის დაზღვეული, ეს ვერ გახდება ვაქცინაციის შეჩერების მიზეზი
ბიძინა კულუმბეგოვი - ანაფილაქსიური რეაქცია სრულიად მარტივ წამლებზეც კი ვითარდება, ამისგან არავინ არის დაზღვეული, ეს ვერ გახდება ვაქცინაციის შეჩერების მიზეზი

საქართველოში ანაფილაქსიის რამდენიმე ათეული რეაქციაა, იგივე ლიდოკაინზე და ნოვოკაინზე, სრულიად მარტივ წამლებზეც კი ვითარდება, ამ წამლების გამოყენებაზე მედიცინა უარს ვერ იტყვის, მთავარია, პაციენტი იმართოს და შესაძლო რეაქციის შემთხვევაში, აღმოეჩინოს სწორი დახმარება, – ამის შესახებ იმუნოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა ჯანდაცვის სამინისტროში გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

„ქვეყანამ გააკეთა ყველაფერი, რათა ეროვნულ გეგმასთან ერთად, ყოფილიყო „კოვოდ-19“-ის ვაქცინაციის შემდგომი მართვის ალერგიული რეაქციების პროტოკოლი. ექიმების ძირითადი გუნდი და ყველა ის ბრიგადა, რომელიც აცრაში მონაწილეობს, არის ინფორმირებული და შესაბამისად ყველა ინფორმაცია მათთვის გადაცემულია, შესაბამისი ტრეინინგები ჩატარებულია. ამ ეტაპისთვის, რა საკვირველია, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ იმუნიზაციის შემდგომი გვერდითი მოვლენების კომიტეტმა იმუშაოს მშვიდ გარემოში და ჩვენ შევძლოთ მიზეზშედეგობრივი კავშირის უფრო ღრმად, დოკუმენტაციისა და სამედიცინო ანამნეზის შესწავლით, დამხმარე ლაბორატორიული მეთოდებით, რომელიც ასე ვთქვათ გვეხმარება ანაფილაქსიური რეაქციის უფრო ზუსტად შეფასებაში, ამ დასკვნების გამოტანის საფუძველზე“, – განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა.

მისივე თქმით, ჯანდაცვის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე ერთხმად შეთანხმდნენ, რომ ქვეყანაში ვაქცინაციის პროცესი არ უნდა შეფერხდეს.

„დანარჩენი ტექნიკური საკითხები, რომლებიც იქნება, უსაფრთხოების გაძლიერება თუ ტრენინგებზე მეტი აქცენტის გაკეთება და ა.შ. ეს უკვე ტექნიკური დეტალებია. ამ ეტაპისთვის ჩვენ რომ საქმე გვქონდეს, ვაქცინაციის შემდგომ ერთი კვირის, 10 დღის შემდგომ რეაქციასთან, რასაც სწორედ ევროპის ქვეყნები და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია იკვლევდნენ, მაშინ შეეძლო ქვეყანას, მიეღო დროებითი შეჩერება საბოლოო დასკვნამდე. ეს არის ცნობილი რეაქციები, რომლისგანაც არავინ არის დაზღვეული. საქართველოში ანაფილაქსიის რამდენიმე ათეული რეაქციაა, იგივე ლიდოკაინზე და ნოვოკაინზე, სრულიად მარტივ წამლებზეც კი ვითარდება. აღარ ვამბობ ანტიბიოტიკებზე, შესაბამისად ამ წამლების გამოყენებაზე მედიცინა უარს ვერ იტყვის, მაგრამ მთავარია, პაციენტი იმართოს და შესაძლო რეაქციის შემთხვევაში, აღმოეჩინოს სწორი დახმარება. ეს ერთი მაგალითი და შესაძლებელია, არ გამოვრიცხავ, რომ მის ადგილას მე ვყოფილიყავი, არავინ ამისგან დაზღვეული არ არის, ამიტომ ჩვენ უბრალოდ უნდა ვიცოდეთ მეთვალყურეობა, უნდა ვიცოდეთ კონკრეტული პაციენტის მართვა, მაგრამ ეს გლობალურად, ჩვენს ქვეყანაში ვერ გახდება ვაქცინაციის პროცესის შეჩერების მიზეზი“, – აღნიშნა ბიძინა კულუმბეგოვმა.

მისივე თქმით, საჭიროა საკითხის შესწავლა და საზოგადოების ინფორმირება.

„რასაკვირველია, ყველა ასეთი საკითხის დეტალური შესწავლა, გამჭირვალე ინფორმაციის მიწოდება საზოგადოებისთვის, არაფრის დამალვა, ეს არის მთავარი ნდობის მოპოვების გარანტია“, – განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა.

30 წლამდე ექთანი, რომელსაც ახალციხის „იმედის“ კლინიკაში „ასტრაზენეკას“ ვაქცინით აცრის შემდეგ სავარაუდო გვერდითი რეაქცია გამოუვლინდა, თბილისში, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაშია მოთავსებული. პაციენტის მდგომარეობა ამ დრომდე მძიმე რჩება.

შემთხვევის მოკვლევა უკვე დაწყებულია, თუმცა მანამდე გამოითქვა ვარაუდი, რომ შესაძლოა, იყოს ვაქცინაციის შემდგომი უიშვიათესი გართულება.