ბიძინა კულუმბეგოვი - ამბობენ, კარვები გავშალოთ და რაღაც სივრცეები მოვაწყოთო, ჩვენთან კოვიდსასტუმრო რეალურად, სწორედ ამ კარვების ფუნქციას ასრულებს
ბიძინა კულუმბეგოვი - ამბობენ, კარვები გავშალოთ და რაღაც სივრცეები მოვაწყოთო, ჩვენთან კოვიდსასტუმრო რეალურად, სწორედ ამ კარვების ფუნქციას ასრულებს

კარანტინი და ლოკდაუნი ნიშნავს, ექვსი კვირა ყველა სახლში დასვა, მანქანით გადაადგილება შეზღუდო და ადამიანები სახლიდან მარტო სასიცოცხლო აუცილებლობისთვის გამოუშვა, – ამის შესახებ ალერგოლოგ-იმუნოლოგმა, ბიძინა კულუმბეგოვმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა. 

„ეს რომ გაგვეკეთებინა, რასაკვირველია, მაშინ შეიძლებოდა, ეპიდემიაზე სრული კონტროლისთვის მიგვეღწია, მაგრამ ეს უნდა გააკეთო იმ შემთხვევაში, როგორც ვთქვათ, ავსტრია აკეთებს, როცა ხელფასის 80% ანაზღაურებული გაქვს და სახელმწიფო გეუბნება – დაჯექი სახლში შენი უსაფრთხოებისთვის. როცა ამას შენი ქვეყანა ვერ აკეთებს, არარსებული ბიუჯეტის ფონზე, ბუნებრივია, რაღაც კომპრომისებზე იყო საუბარი და რაც ჩვენთან დაწესდა, არის კომპრომისული შეზღუდვა“, – განაცხადა კულუმბეგოვმა.

მისი თქმით, ვაშინგტონის დაავადებათა და ჯანმრთელობის გაზომვის ინსტიტუტი, რომლის პროგნოზებსაც ქვეყნები ყველაზე ხშირად ეყრდნობიან, პირდაპირ ამბობდა, რომ საქართველოს მიმდინარე სიტუაცია, ზემოქმედების გარეშე, 20 დეკემბრიდან ყოველდღიურად, ლაბორატორიულად დადასტურებულ 8 000-9 000 პაციენტს უქადის, რაც არალაბორატორიული შემთხვევების ჯამით ავტომატურად ითარგმნებოდა 25 000 ადამიანად.

„წარმოიდგინეთ, ყოველდღიურად 25 000 ადამიანის დაგროვება, როცა ერთი ადამიანის გამოჯანმრთელებას ორი კვირა სჭირდება. ორი კვირის განმავლობაში რომ 300 000 პაციენტი ერთდროულად წარმოიქმნას, ეს სრული შეუსაბამობა იქნებოდა და ადამიანები სახლში დაგვეღუპებოდა; თუ სიკვდილობა ამ პროექციით გაგრძელდებოდა, იანვარში, დღეში 140-მდე ადამიანი დაიღუპებოდა. მოკლედ, მეცნიერების პროგნოზი ასეთია, ტექნოლოგიაზე დაფუძნებული გათვლები“, – განაცხადა კულუმბეგოვმა.

როგორც კულუმბეგოვმა აღნიშნა, სასურველი სცენარი იქნებოდა, ამ ზომამდე საერთოდ არ მივსულიყავით, რაც ალბათ, იყო შესაძლებელი, ზაფხულში რომ ყურადღება არ მოგვედუნებინა.

„არ არსებობს ადამიანი, რომელსაც შეზღუდვების შემოღება უხარია, რადგან ყველას გვედარდება ჩვენი ეკონომიკა, რომელიც გლობალური პანდემიის გამო სავალალო მდგომარეობაშია. შეიძლება, რაღაც ტიპის შეზღუდვები მაინც სტაბილურად დარჩენილიყო და დამიზნება სწორად მომხდარიყო. რასაკვირველია, საარჩევნო პროცესმა თავისი გავლენა მოახდინა. ეს გაგრძელდა და ბუნებრივია, იყო ადამიანების ძალიან დიდი რაოდენობით მობილობა, რადგან სხვანაირად ეს პროცესი ვერ ხორციელდება და მივიღეთ ის, რაც მივიღეთ“, – განაცხადა კულუმბეგოვმა.

ალერგოლოგ-იმუნოლოგმა ასევე განაცხადა, რომ დიდი რაოდენობით პაციენტების გამკლავება არც ერთ ქვეყანას არ შეუძლია, მაგრამ ეს სხვადასხვა მიზეზებით არის გამოწვეული.

„ეს ისრაელსაც კი არ შეუძლია, რომელსაც ერთ-ერთი სამაგალითო ჯანდაცვის სისტემა აქვს. დიდი რაოდენობის პაციენტების მოზღვავებას იტალიამაც ვერ გაუძლო, რომელსაც ამბობენ, რომ ევროპაში ყველაზე კარგი ჯანდაცვის სისტემა აქვს, მაგრამ როცა ჩვენს ჯანდაცვის სისტემაზე ვსაუბრობთ, აუცილებელია, ობიექტურ და სუბიექტურ მიზეზებზე ვისაუბროთ, რომ პრობლემები უფრო სწრაფად მოვაგვაროთ“, – განაცხადა კულუმბეგოვმა.

მისი თქმით, თუ ადამიანს ჟანგბადი არ სჭირდება, მას საავადმყოფოში არაფერი ესაქმება.

„რომ ამბობენ, კარვები გავშალოთ და რაღაც სივრცეები მოვაწყოთო, ჩვენთან კოვიდსასტუმრო რეალურად, სწორედ ამ კარვების ფუნქციას ასრულებს“, – განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა.