ბიძინა კულუმბეგოვი - ახლა ვაქცინა გვაქვს ცოტა და მთხოვნელი გვყავს ძალიან ბევრი, ეს კომფორტი მალე დაგვერღვევა, როცა მეტი ვაქცინა გვექნება, ვიდრე მსურველია
ბიძინა კულუმბეგოვი - ახლა ვაქცინა გვაქვს ცოტა და მთხოვნელი გვყავს ძალიან ბევრი, ეს კომფორტი მალე დაგვერღვევა, როცა მეტი ვაქცინა გვექნება, ვიდრე მსურველია

უნდა გვქონდეს ვაქცინების გარანტირებული მოწოდება და ამასთან, ადამიანები უნდა იყვნენ მზად, რომ ვაქცინა გაიკეთონ, ორივე ფლანგზე არის სამუშაო, – ამის შესახებ ალერგოლოგ-იმუნოლოგმა, ბიძინა კულუმბეგოვმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

„გვჭირდება რეალურად თვეში 500 000-დან 600 000-მდე ადამიანის აცრა. ეს მარტივი არ იქნება. ლოჯისტიკურად ამის გამართვა არ არის მარტივი. ამასთან, ხელს გვიშლის ის, რომ ვაქცინებზე ულიმიტო ხელმისაწვდომობა არ გვაქვს. ორ პრობლემას ვაწყდებით: უნდა გვქონდეს ვაქცინების გარანტირებული მოწოდება და მეორე მხრივ, ადამიანები უნდა იყვნენ მზად, რომ ვაქცინა გაიკეთონ. ამიტომ, ორივე ფლანგზე არის სამუშაო. 200 000 ადამიანის აცრა ეს არის ის ნიშნული, რომელსაც გრიპის სეზონის დროს ვაღწევდით. ეს ნიშნული არის იმ ადამიანების, რომლებიც დღესვე მზად არიან, რომ ვაქცინა გაიკეთონ“, – განაცხადა კულუმბეგოვმა.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია როგორც ვაქცინების საჭირო რაოდენობა, ისე მოქალაქეების დარწმუნება, რომ ვაქცინაცია სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

„ვუახლოვდებით იმ ზღურბლს, როდესაც უკვე არიან ადამიანები, რომელთა გარკვეული ნაწილი ფიქრობს, რომ ცოტას კიდევ დააკვირდება და მერე გადაწყვეტს ვაქცინაციას ან მოსახლეობის ის ნაწილი, რომელიც ამბობს, რომ კატეგორიულად არ უნდა ახლად შექმნილი ვაქცინა. ამიტომ, ახლა გვჭირდება ძალიან სერიოზული მუშაობა, რომ დავითანხმოთ ეს ადამიანები, ავუხსნათ და დავარწმუნოთ, რომ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ქვეყნის არსებობისა და განვითარებისთვის და თითოეული ოჯახის კეთილდღეობისთვს, რომ ქვეყანაში პანდემია დასრულდეს. აქ არის ძალიან ბევრი სამუშაო. ახლა ვართ კომფორტულ სიტუაციაში, ვაქცინა გვაქვს ცოტა და მთხოვნელი გვყავს ძალიან ბევრი, ამიტომ ეს კომფორტი მალე დაგვერღვევა და ეს იქნება ის ივლისი და აგვისტო, როცა უფრო მეტი ვაქცინა გვექნება, ვიდრე მსურველი იქნება ამ ვაქცინის. მაქსიმუმი უნდა გავაკეთოთ ყველამ, ეს არის ზეპარტიული და ზესახელმწიფოებრივი საკითხია. ყველა უნდა ვიყოთ ერთ აზრზე და ყველა უნდა დავდგეთ ერთ ფერხულში, რომ ადამიანების 60%-ის აცრა მოხერხდეს. დარწმუნებული ვარ, რომ თუ ჩვენ მოვინდომებთ, ეს არის აბსოლუტურად რეალური. მთავარია, ვაქცინებიც გვქონდეს, მარტო ცარიელი პროპაგანდაც არ გვიშველის“, – განუცხადა საქართველოს პირველ არხს კულუმბეგოვმა.

მან კორონავირუსის შტამების კონტროლსა და შესწავლაზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ საქართველოშიც შეიძლება, მოხდეს ვირუსის ისეთი მუტაცია, რომ მსოფლიოსთვის საინტერესო გახდეს.

„შტამების კონტროლი უნდა ხორციელდებოდეს, ქვეყანა უნდა აკეთებდეს ახლად გამოვლენილი შემთხვევების იმუნო სექვენირებას, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ჩვენმა ქვეყანამ არ მოადუნოს ყურადღება და პირიქით, ინტენსიფიკაცია უნდა განხორციელდეს იმ ადამიანების სექვენირების და შტამური ვარიანტების გამოვლენის, რომლებსაც ორჯერადად ჰქონდათ ვაქცინირება და მაინც ავად გახდნენ. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი კონტიგენტი. არ გამოირიცხება, რომ საქართველოშიც შეიძლება, მოხდეს ისეთი მუტაცია, რომელიც მსოფლიოსთვის საინტერესო გახდეს. ეს ყველას ინტერესში შედის, განსაკუთრებით თუ ორჯერადად ვაქცინირებული ადამიანი ავად ხდება. ასეთი მეთვალყურეობა თუ ჩვენ გვექნება, შტამების საშიშროება ამ თვალსაზრისით არ არსებობს. გადამდებადობა იზრდება ყველა ახალი ვარიანტის შემთხვევაში, მაგრამ ჯერჯერობით არ ჩანს და ურთიერთგამომრიცხავია კვლევები, რომ რომელიმე ვარიანტი ადამიანების სიკდვილობას უფრო ზრდიდეს“, – განუცხადა საქართველოს პირველ არხს კულუმბეგოვმა.