ბიძინა კულუმბეგოვი - 65 წელს ზემოთ ადამიანების და ქრონიკული დაავადებების მქონე პირების აცრა სრულად თუ მოხერხდება, შეგვეძლება, ქვეყანა შეზღუდვების გარეშე ვმართოთ
ბიძინა კულუმბეგოვი - 65 წელს ზემოთ ადამიანების და ქრონიკული დაავადებების მქონე პირების აცრა სრულად თუ მოხერხდება, შეგვეძლება, ქვეყანა შეზღუდვების გარეშე ვმართოთ

2021 წლის ბოლომდე მოსახლეობის 60 პროცენტის ასაცრელად ქვეყანას სჭირდება თვეში 400 000 ინექცია, რაც არარეალურად მიმაჩნია, – ასე უპასუხა ალერგოლოგ-იმუნოლოგმა, ბიძინა კულუმბეგოვმა პირველი არხის კითხვას, რეალურია თუ არა, რომ მიმდინარე წლის ბოლომდე მოხერხდეს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით მოსახლეობის 60 პროცენტის აცრა.

კულუმბეგოვის თქმით, 65 წელს ზემოთ ადამიანების და ქრონიკული დაავადებების მქონე პირების აცრა სრულად თუ მოხერხდება, შესაძლებელი გახდება ქვეყნის შეზღუდვების გარეშე მართვა.

„მოსახლეობის 60 პროცენტის იმუნიცაზია ნიშნავს აცრა გაუკეთდეს 1 400 000 ადამიანს. იქ დანაკარგიც არსებობს, როგორც ყველამ იცის და საბოლოო ჯამში, გვესაჭიროება 3 900 000 დოზა. რასაკვირველია, რთული მიზანია დასახული, ვინაიდან 2021 წლის პირველი ორი თვე ისე წავიდა, რომ ვაქცინის ერთი დოზაც კი არ გვაქვს გაკეთებული. ეს მარტიდან თუ იქნება, რეალურად დაგვრჩა მხოლოდ 10 თვე. ამ მიზნის მისაღწევად ქვეყანას სჭირდება თვეში 400 000 ინექციის გაკეთება, რაც გულწრფელად რომ გითხრათ, არარეალურად მიმაჩნია.

ძალიან მნიშვნელოვანი იქნება მოსახლეობის ყველაზე მოწყვლადი ფენა მაინც თუ აიცრება და ეს არის დაახლოებით 25-30 პროცენტი – 60-65 წელს ზემოთ ადამიანები და სერიოზული ქრონიკული დაავადებების მქონენი. ამ ადამინების აცრას მაინც თუ მოვახერხებთ, რეალურად შეგვეძლება, რომ ქვეყანა შეზღუდვების გარეშე ვმართოთ, რადგან მარტო ერთადერთი ვალდებულება იქნება – პირბადის ტარება.  სხვა მხრივ, რაიმე ისეთი გართულებები, რომ კლინიკები გადაგვეტვირთოს ან სიკვდილიანობამ მოიმატოს, მაშინ უკვე აღარ იარსებებს“, – განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა.