ბიძინა ივანიშვილმა საქართველოში ისრაელის ელჩს უმასპინძლა
ბიძინა ივანიშვილმა საქართველოში ისრაელის ელჩს უმასპინძლა

პოლიტიკური გაერთიანება ,,ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა ბიზნესცენტრში ისრაელის ელჩს, შაფთაი ცურის უმასპინძლა.

როგორც ბიძინა ივანიშვილმა აღნიშნა, შაფთაი ცური ელჩის რანგში საქართველოში მოღვაწეობას ასრულებს.

ივანიშვილის თქმით, შაფთაი ცურიმ პირნათლად შეასრულა ელჩის მოვალეობა, ორ სახელმწიფოს შორის ურთიერთობები კიდევ უფრო გამყარდა, რისთვისაც მადლობას უხდის.

,,ჩემი საყვარელი მეგობარი, შაფთაი ცური, როგორც ელჩი, საქართველოში თავის მოღვაწეობას ასრულებს. მოგეხსენებათ, ის უფრო ადრე პერიოდშიც გახლდათ საქართველოში ისრაელის ელჩი, მაგრამ მინდა, მთავარს გავუსვა ხაზი, რომ ის არის როგორც ისრაელის, ისე საქართველოს შვილი. ყოველ შემთხვევაში, მე ასე განვიხილავ მას. ის დაბადებულია ვანში, ჩვენი, ქართველი ებრაელია. განსაკუთრებით მინდა, ხაზი გავუსვა იმ მეგობრობას, რაც ამ ორ ერს შორის არსებობს. ამ მხრივ შაფთაი ცური უნიკალურია. შაფთაის ძალიან ბევრი მეგობარი ჰყავს საქართველოში. მას აქვს დიდი სიყვარული. ჩვენ, მისი ქუჩა გავხსენით ვანში, რადგან საქართველოსთვის ძალიან ბევრი აქვს გაკეთებული. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო, მან პირნათლად შეასრულა ელჩის მოვალეობა, ორ სახელმწიფოს შორის ურთიერთობები კიდევ უფრო გამყარდა. მადლობა, კეთილი სურვილებისთვის, რაც მან ჩვენს ქვეყანას უსურვა. მეც ასევე მინდა, მის ძირითად სამშობლოს, ისრაელს ვუსურვო ის, რასაც ისტორიულად იმსახურებს – სრული, სტაბილური უფლებები, რაც მას საკუთარ მიწაზე ეკუთვნის“,- განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

საქართველოში ისრაელის ელჩმა, ისრაელის სახელმწიფოს სახელით, მადლობა გადაუხადა ბიძინა ივანიშვილს, ასევე, უსურვა, რომ მისი ხელმძღვანელობით საქართველომ ტერიტორიები დაიბრუნოს და გაერთიანდეს.

,,ჩემთვის დიდი პატივია, რომ ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა, რომელიც დღეს ,,ქართული ოცნების“ თავმჯდომარეა, თავის ოჯახთან ერთად მომიწვია. ბატონ ბიძინას რამდენიმე წელია, ვიცნობ, ვაფასებ მის წარსულს, აწმყოსა და მომავალს. დავლოცავ საქართველოს პირველ რიგში, რომ ევროპაში სულ მალე შესულიყოს და მეორე, დავლოცავ, რომ დაუბრუნდეს საქართველოს თავისი ტერიტორია. ეს არის ჩვენი ოცნება, როგორც ისრაელის სახელმწიფო ოცნებობს და იბრძვის ტერორიზმის წინააღმდეგ. მომავალ კვირაში ჩვენი დღესასწაულია, ხანუკა. ხანუკაში ხდება სასწაულები. დაგლოცავ, ბატონო ბიძინა, რომ თქვენი ხელმძღვანელობით საქართველო გაერთიანებულიყოს, წინ წასულიყოს. დიდი მადლობა ისრაელის სახელმწიფოს სახელით, ჩვენი საელჩოს სახელით და მთელი მსოფლიოს ქართველი ებრაელობის სახელით, რომელსაც თქვენ აქ ეხმარებით, დაეხმარეთ სინაგოგებში, აღადგინეთ მუზეუმი. თქვენ პატრიოტი ხართ ისრაელის სახელმწიფოსთვის, ამიტომ თავი ვალდებულად მივიჩნიე,  მოვსულიყავი ოფიციალურად, ჩემი მისიის დასრულებასთან დაკავშირებით, რათა მადლობა მოგახსენოთ პირადად თქვენ, მთელს სახელმწიფოს და თქვენს ოჯახს“,- განაცხადა შაფთაი ცურიმ.