ბიძინა ივანიშვილი - ვიგრძენი, რომ ჩემს მიერ შექმნილი პარტია შესაძლოა, დაშორდებოდა ხალხს, ამიტომ გადავწყვიტე დაბრუნება, დიახ - მეორედ შემოსვლა საჯარო პოლიტიკაში
მტკიცედ მჯერა, რომ ჩვენ არ გვაქვს უფლება, ფუჭ კინკლაობაში, თუნდაც უმნიშვნელო დრო, ენერგია და რესურსი დავხარჯოთ, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა.
როგორც მან პარტიის ყრილობაზე აღნიშნა, ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევების ფონზე, ხელისუფლების შიგნით დაიწყო გარკვეული დაპირისპირება, რაც გასცდა პოლიტიკური გუნდისთვის მისაღებ დემოკრატიულობისა და აზრთა სხვადასხვაობის საზღვრებს. მისი თქმით, სწორედ ეს არის ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც პოლიტიკაში ბრუნდება.
„დაუშვებელია, პირადი უთანხმოებისა და წყენის გამო, საერთო პარტიული და მითუმეტეს ეროვნული ამოცანების შესრულებისთვის თუნდაც მცირე დაბრკოლების შექმნა. მე ვიგრძენი, რომ ჩემს მიერ შექმნილი პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“, რომლის იდეოლოგიური მდგრადობა მის სახალხოობაშია, ამ პროცესების გაღრმავების შემთხვევაში დაშორდებოდა ხალხს. ამიტომ გადავწყვიტე დაბრუნება, დიახ – მეორედ შემოსვლა საჯარო პოლიტიკაში“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
მისი თქმით, მსგავს ისტორიული გარდატეხის მომენტში, მხოლოდ გამარჯვების დროა და არა – უიმედობის.
„დღეს ჩვენ ვიმყოფებით ისტორიული გარდატეხის მომენტში და სწორედ ახლა არ გვაქვს უიმედობისა და გულგატეხილობის უფლება. ჩვენ დღეს მხოლოდ გამარჯვების უფლება გვაქვს“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა, რომელმაც დღეს ყრილობაზე მისი პოლიტიკაში დაბრუნების მიზეზებზე ისაუბრა.
„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარედ დღეს ბიძინა ივანიშვილი აირჩიეს და პოლიტსაბჭოს ახალი შემადგენლობა დაამტკიცეს.