ბიძინა ივანიშვილი - სასწრაფოდ უნდა შეიცვალოს საკადრო პოლიტიკა, რომელიც მუდმივად მოიზიდავს ახალ კადრებს, განსაკუთრებით ახალგაზრდებს
ბიძინა ივანიშვილი - სასწრაფოდ უნდა შეიცვალოს საკადრო პოლიტიკა, რომელიც მუდმივად მოიზიდავს ახალ კადრებს, განსაკუთრებით ახალგაზრდებს

სასწრაფოდ უნდა შეიცვალოს საკადრო პოლიტიკა, რომელიც დაეფუძნება გამოცდილ ადამიანებს და მუდმივად მოიზიდავს ახალ კადრებს, განსაკუთრებით ახალგაზრდებს, – ამის შესახებ აღნიშნულია საქართველოს მოქალაქეებისადმი მიმართვაში, რომელსაც პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ავრცელებს.

ბიძინა ივანიშვილის თქმით, ახალგაზრდები უნდა ჩაერთონ ქვეყნის მართვასა და პოლიტიკის შემუშავებაში.

„ჩემო მეგობრებო, ქვეყნის ცხოვრებაში დგება-ხოლმე გარდამტეხი მომენტები, როდესაც ხალხი ხდება ეპოქალური ცვლილებების ავტორი და ჩვენ ერს ასეთი სიბრძნე არაერთხელ გამოუჩენია“,- განაცხადა ივანიშვილმა.

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის თქმით, იღებს პასუხისმგებლობას, რომ ერთ წელიწადში გაასწორებს მართვის ყველა ხარვეზს და მთელ მის რესურსს გამოიყენებს, რომ ქვეყნის განვითარება შეუქცევადი გახდეს.

„მინდა შეგახსენოთ რაც არჩევნებამდეც განვაცხადე, მე ვიღებ პასუხისმგებლობას, რომ ერთ წელიწადში გავასწორო მართვის ყველა ხარვეზი და მთელი ჩემი რესურსი გამოვიყენო, რომ ქვეყნის განვითარება შეუქცევადი გახდეს.

ახლა მთავარია, ხელისუფლებასა და ცალკეულ ჩინოვნიკებზე გაბრაზებულებმა, ხელისუფლების დასჯის სურვილით, საკუთარი მომავალი და საკუთარი ქვეყანა არ დავსაჯოთ და არ გადავყაროთ წყალში ყველაფერი, რაშიც 2012-ში სიცოცხლე ჩავდეთ.

მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ არჩევანს გავაკეთებთ ჩვენი ხალხის კეთილდღეობის, თავისუფლების, ღირსების დასაცავად და ერთად შევძლებთ ადამიანზე ორიენტირებული, თანამედროვე საქართველოს შენებას”,- აცხადებს ბიძინა ივანიშვილი საქართველოს მოქალაქეებისადმი მიმართვაში.