ბიძინა ივანიშვილი - რად მინდა სასტუმროების მშენებლობა, ამას მხოლოდ საერთო საქმისთვის ვაკეთებ
ბიძინა ივანიშვილი - რად მინდა სასტუმროების მშენებლობა, ამას მხოლოდ საერთო საქმისთვის ვაკეთებ

სასტუმრო „პარაგრაფი“ ურეკში იმიტომ ავაშენე, რომ მინდა, შავ ზღვაზე სეზონი როგორმე გაიზარდოს და მხოლოდ ორი თვე კი არ იყოს, მაისიდან დაიწყოს, ოქტომბრამდე გაგრძელდეს და ჩვენი სანაპირო კონკურენტუნარიანი გახდეს, – განაცხადა პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას.

„სასტუმრო „პარაგრაფი“, რომელიც ურეკში აშენდა, იმდენად ძვირი დაჯდა, რომ ერთი სასტუმროს აშენებაში შემეძლო, სამი სასტუმრო ამეშენებინა, მაგრამ ის უნიკალურია და იქ უცხოელები ჩამოვლენ“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

მისი თქმით, თუ სასტუმრო „პარაგრაფს“ ვინმე იყიდის, ის მას ფასის 20-25%-ს დაუკლებს.

„სასტუმროს ზამთრის ბაღი გაუკეთდა და ახლა ძალიან დიდ სოლარიუმს ვაშენებთ. თუ ჰგონიათ, ამით ფულს ვაკეთებ, 20-25%-ის ფასდაკლებით მივცემ, მოვიდნენ და იყიდონ. თუ ისეთი ხარჯი მაქვს გაწეული, რაც არაფუნქციურია, ეს თავისთავად ჩამოიწერება“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

როგორც ივანიშვილმა აღნიშნა, დიდი ალბათობით, მისი აშენება თავად მოუწევს და ამ შეთხვევაში, მოგებული ფული ქველმოქმედებაში წავა.

„ოპონენტები მობრძანდნენ, ჩართონ მრიცხველი, აღრიცხონ და გააკონტროლონ, რომ რასაც ვამბობ, შევასრულებ. თუ მყიდველი ჰყავთ, მოიყვანონ და ფასდაკლებით დავუთმობ. ოღონდ, ისევ იმ პროექტით გააკეთონ, რამეთუ, იქ უნიკალურობაა. შესაძლოა, იქ რენტაბელობა ისეთი დიდი არ იყოს და ამის გამოსყიდვას დასჭირდეს არა ათი წელიწადი, რაც სასტუმროებისთვის ნორმაა, არამედ ბევრად მეტი, მაგრამ ასეთ შემთხვევაში, მე მათ კიდევ უფრო მეტს დავუკლებ“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

ბიძინა ივანიშვილმა პუშკინის სკვერის მიმდებარედ, მიწის ქვეშ გაკეთებულ სასტუმროს ავტოსადგომთან დაკავშირებითაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ოპონენტებმა ერთი კვირის განმავლობაში, მთელი საქართველო ყირაზე დააყენეს, რომ ივანიშვილმა პუშკინის სკვერი ერთ ლარად იყიდა, მაგრამ სინამდვილეში, პუშკინის სკვერის მიმდებარედ, მიწის ქვეშ სასტუმროს ავტო სადგომი გაკეთდა ისე, რომ მიწის ზემოთ არაფერი დაზიანებულა და გაჩერებულა.

„რა თქმა უნდა, მე ამას გადავიხდიდი და სალაპარაკოდ არ გავხდიდი ერთ ლარსაც, მაგრამ პროცესს ისევ დავარღვევდი, რაღაცას ისევ დავამახინჯებდი და რაღაცას სწორ შეფასებას არ მივცემდი. როცა ავტოსადგომებზე ასეთი მოთხოვნაა, არ შეიძლება, სახელმწიფომ მიწისქვეშა გადასასვლელზე ფული აიღოს. მერიამ მიწისქვეშა გადასასვლელებში ავტოსადგომების მშენებლობისთვის ერთ ლარად გამოიტანა სამი ადგილი, რომლებიც პუშკინის სკვერზე არანაკლებად  საინტერესო იყო და გამოაცხადა, მოდით, მიწის ქვეშ ავტოსადგომები ააშენეთო, მაგრამ არავინ მივიდა.

ერთმა ცნობილმა და პატივსაცემმა ქალბატონმა მკითხა, რად გინდა, ამ სასტუმროებს რომ აშენებ, ფული გაკლიაო? რა თქმა უნდა, რად მინდა სასტუმროების მშენებლობა, უკაცრავად და, რა თავში ვიხლი, მაგრამ ამას ისევ მხოლოდ საერთო საქმისთვის ვაკეთებ“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.