ბიძინა ივანიშვილი -„ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი“ იქნება ნაწილი იმ დიდი სისტემისა, რასაც ჩვენი სახელმწიფო აშენებს
ბიძინა ივანიშვილი -„ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი“ იქნება ნაწილი იმ დიდი სისტემისა, რასაც ჩვენი სახელმწიფო აშენებს

„ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი“ იქნება ნაწილი მხოლოდ იმ დიდი სისტემისა, რასაც ჩვენი სახელმწიფო აშენებს,  – ამის შესახებ „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ,  ბიძინა ივანიშვილმა„ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის“  მშენებლობასთან დაკავშირებულ ინტერვიუში განაცხადა.

როგორც „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ აღნიშნა, 2021 წლიდან განათლებაზე დაიხარჯება ძალიან დიდი რესურსი – ბიუჯეტის 25 პროცენტი და ეს ძალიან სერიოზულია.

მისი თქმით, დღევანდელი პრიორიტეტი, რომელიც ინფრასტრუქტურის მშენებლობაა, შეიცვლება და ძირითადი საბიუჯეტო თანხები განათლებაში ჩაიდება.

„ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ჩვენ რვა წელიწადში შეგვიძლია, პრინციპულად განსხვავებული შედეგი დავინახოთ და თამამად ჩავეწერებით განათლებული და წარმატებული ქვეყნების რიგში“, – განაცხადა მან.

ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, ის ყოველთვის ამაყობს საქართველოს ისტორიითა და მრავალსაუკუნოვანი კულტურით, თუმცა ამბობს, რომ საქართველოს აქვს გამოწვევები, რომლებიც უნდა დაიძლიოს.

„ძალიან ოპტიმისტურად ვუყურებ, რომ ჩვენ მივიღებთ შედეგს და აწმყო გვექნება ღირსეული. ჩემი ოცნებაა, აწმყოშივე მივიღოთ ის, რომ ჩვენ არ ვართ სხვაზე უარესი და ჩვენს ისტორიასაც ამით მივაგოთ მადლი“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

,,ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილისა და ,,ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის“ დამფუძნებლის, ეკატერინა ხვედელიძის ინტერვიუ „ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის“ ფეისბუქგვერდზე გამოქვეყნდა. ინტერვიუში საუბარია, როგორ გაჩნდა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის იდეა, როგორი იქნება საუნივერსიტეტო ქალაქი და რით იქნება ის გამორჩეული.