ბიძინა ივანიშვილი - ოპონენტების უღირსი ნაწილი ხელისუფლებასთან არგუმენტირებული მეტოქეობის ნაცვლად, შეპყრობილია მხოლოდ ანტიდემოკრატიული რევანშის წყურვილით
ბიძინა ივანიშვილი - ოპონენტების უღირსი ნაწილი ხელისუფლებასთან არგუმენტირებული მეტოქეობის ნაცვლად, შეპყრობილია მხოლოდ ანტიდემოკრატიული რევანშის წყურვილით

ქვეყანაში კონკურენტუნარიანი ოპოზიციის დეფიციტია, – ამის შესახებ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ყრილობაზე სიტყვით გამოსვლისას პარტიის თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა.

„მეორე პრობლემა, რამაც დღევანდელი გადაწყვეტილების მიღებისკენ მიბიძგა, ქვეყანაში კონკურენტუნარიანი ოპოზიციის დეფიციტია. ჩვენი ოპონენტების უღირსი ნაწილი ხელისუფლებასთან არგუმენტირებული მეტოქეობის, გონივრული, უკეთესი ალტერნატივების შეთავაზების და დასაბუთებული კრიტიკის ნაცვლად, შეპყრობილია მხოლოდ ანტიდემოკრატიული რევანშის წყურვილით,“ – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

მისი თქმით, ისინი ერთმანეთს ქვეყანაში უპერსპექტივობისა და უიმედობის ატმოსფეროს დანერგვაში ეჯიბრებიან, რადგან ვერ ხედავენ დემოკრატიული პროცედურებით ხელისუფლებაში მოსვლის პერსპექტივას.

„ისინი ერთმანეთს ეჯიბრებიან არა უკეთესი პროგრამების წარმოდგენაში, არამედ ქვეყანაში უპერსპექტივობისა და უიმედობის ატმოსფეროს დანერგვაში, რადგან კარგად იციან, რომ მხოლოდ ეროვნული პესიმიზმია მათი ის ერთადერთი პლაცდარმი, რომლიდანაც შეძლებენ ქართულ დემოკრატიაზე შურისძიებას. ხალხის ნდობის არქონის გამო, ისინი ვერ ხედავენ დემოკრატიული პროცედურებით ხელისუფლებაში მოსვლის პერსპექტივას და ამიტომაც ცდილობენ ისეთი განწყობის შექმნას, როდესაც არეულობა სიტუაციის შეცვლის ერთადერთ გზად უნდა მოეჩვენოს ხალხს“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა. 

მისი თქმით, სწორედ აღნიშნული და სხვა გამოწვევების ფონზე, ხელისუფლების შიგნით დაიწყო გარკვეული დაპირისპირება, რაც გასცდა პოლიტიკური გუნდისთვის მისაღებ დემოკრატიულობის საზღვრებს.

„ჩემთვის სრულიად ნათელია, რომ სწორედ ამ და ქვეყნის წინაშე არსებული სხვა მრავალი გამოწვევის ფონზე, ხელისუფლების შიგნით დაიწყო გარკვეული დაპირისპირება, რაც გასცდა პოლიტიკური გუნდისთვის მისაღებ დემოკრატიულობისა და აზრთა სხვადასხვაობის საზღვრებს და სწორედ ეს არის მესამე მიზეზი, რის გამოც მე პოლიტიკაში ვბრუნდები“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

მან ყრილობაზე პოლიტიკაში დაბრუნების მიზეზებზე ისაუბრა და სამი პრობლემა გამოყო, რომლებიც მისი შეფასებით, არსებულ გამოწვევებს განსაზღვრავენ და ამისთვის ნოყიერ ნიადაგს ქმნიან.

„პირველი მიზეზია ობიექტურად არსებული არასახარბიელო სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა და ამ ისედაც რთული ვითარების კიდევ უფრო მძაფრ, ხელოვნურად დამძიმებულ ფერებში წარმოჩენის განუწყვეტელი მცდელობები; მეორე – ოპონენტების უმრავლესობისგან მომდინარე უკიდურესად დესტრუქციული მუხტი და ბოლოს, მესამე – ხელისუფლების შიგნით არსებული, მართალია სუსტი, მაგრამ მაინც სრულიად არასაჭირო, უსაფუძვლო და ქვეყნის ინტერესების დამაზიანებელი გაუგებრობები“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარედ დღეს ბიძინა ივანიშვილი აირჩიეს და პოლიტსაბჭოს ახალი შემადგენლობა დაამტკიცეს.