ბიძინა ივანიშვილი - „ნაციონალური მოძრაობისა“ და მისი სატელიტების განცხადებებიდან საზოგადოებამ დაინახა, რომ პოლიტიკური კულტურის ახალ საფეხურზე აყვანის მცდელობა ცალმხრივი სურვილი აღმოჩნდა
ბიძინა ივანიშვილი - „ნაციონალური მოძრაობისა“ და მისი სატელიტების განცხადებებიდან საზოგადოებამ დაინახა, რომ პოლიტიკური კულტურის ახალ საფეხურზე აყვანის მცდელობა ცალმხრივი სურვილი აღმოჩნდა

„ნაციონალური მოძრაობის“ და მისი სატელიტების განცხადებებიდან თუ ქმედებებიდან, საზოგადოებამ ნათლად დაინახა, რომ „ქართული ოცნების“ მცდელობა – თვისებრივად ახალ საფეხურზე აგვეყვანა ქვეყნის პოლიტიკური კულტურა, მხოლოდ ცალმხრივი სურვილი აღმოჩნდა, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებაშია აღნიშნული.

როგორც ბიძინა ივანიშვილმა აღნიშნა, გაუთავებელი დესტრუქცია, ქვეყნის თუ ეკლესიის არევის მცდელობა, აგრესიული რიტორიკა, ცინიზმი, ქილიკი და პირადი შეურაცხყოფა – ამით უპასუხა „ქართული ოცნების“ ინიციატივას ოპოზიციამ და მისმა სატელიტმა ორგანიზაციებმა.

„საქმე იქამდე მივიდა, რომ რეგიონებში, საკონსტიტუციო ცვლილებების საერთო-სახალხო განხილვების ჩაშლის მიზნით პირდაპირ დარბაზებში უვარდებოდნენ ჩვენს დეპუტატებს ამ ოპოზიციისგან პირდაპირ თუ ირიბად მართული აგრესიული ჯგუფები და საჯაროდ ლანძღავდნენ მათ. ამ მოვლენების გამო, უკმაყოფილება მმართველ გუნდში დღეს და გუშინ არ დაწყებულა. მიუხედავად იმისა, რომ მძაფრი შიდაპარტიული დისკუსია და უთანხმოება გარეთ არ გამოგვქონდა, მე და სხვა ლიდერებიც, უდიდეს ძალისხმევას ვხარჯავდით, რომ პროცესი ჩიხში არ შესულიყო“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

მისივე თქმით, ოპოზიციამ ყველაფერი გააკეთა, რომ ის მყიფე კონსენსუსი, რაც ზაფხულში გუნდში შედგა, დარღვეულიყო.

„როდესაც სესიაზე ინიციატივის განხილვა პრაქტიკულად დასრულდა და საკითხი კენჭისყრაზე დგებოდა, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა ჩვენს დეპუტატებს, პირდაპირ პარლამენტის დარბაზში, უმძიმესი პერსონალური შეურაცხყოფა მიაყენეს. როგორც ჩანს, ამან მაჟორიტარების დიდი ნაწილის მოთმინების ფიალა აავსო და მეც, სამწუხაროდ, ვეღარ მოვახერხე კონსტრუქციულ ველში მათი დაბრუნება.

ჩვენს ქვეყანაში სკეპტიკოსებს რა დალევს, მაგრამ ფაქტებს ვერავინ გაექცევა და ისიც ფაქტია, რომ ჩვენს გუნდში არა ფასადური, არამედ რეალური დემოკრატიაა, რაც ადამიანისთვის საკუთარი პრინციპული პოზიციის ძალით შეცვლის მცდელობას გამორიცხავს. ჩვენ წარსულს ჩავაბარეთ როგორც საბჭოური, ისე ნაციონალური მოძრაობის მონოლითური, ადმინისტრაციულ-მბრძანებლური მართვის სტილი, როცა ერთპიროვნული ლიდერის წინააღმდეგ ვერავინ მიდიოდა. ჩვენს გუნდში აზრთა სხვადასხვაობა და დისკუსია ბუნებრივი პროცესია და ამის არაერთი მაგალითი უნახავს ჩვენს საზოგადოებას“, – აღნიშნულია ბიძინა ივანიშვილის განცხადებაში.