ბიძინა ივანიშვილი - მე მწამს საქართველოსი, მჯერა ევროპული პერსპექტივის, აუცილებლად დავიბრუნებთ ჩვენს აფხაზ და ოს ძმებს, სწორედ ამიტომ დავბრუნდი პოლიტიკაში
ბიძინა ივანიშვილი - მე მწამს საქართველოსი, მჯერა ევროპული პერსპექტივის, აუცილებლად დავიბრუნებთ ჩვენს აფხაზ და ოს ძმებს, სწორედ ამიტომ დავბრუნდი პოლიტიკაში

მიუხედავად საქართველოს მიმართ არსებული გულწრფელი მხარდაჭერისა, დემოკრატიის არარსებობის პირობებში, არც ერთი ევროპული სახელმწიფო არ მიგვიჩნევდა სრულფასოვან, თანასწორ პარტნიორად, – ამის შესახებ „ქართული ოცნება-დემოკრატიული“ საქართველოს ყრილობაზე პარტიის თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა.

მისი შეფასებით, დემოკრატიის გარეშე საქართველოსა და ევროპას შორის დისტანცია გაიზრდებოდა და ქვეყანა ვერასოდეს გახდებოდა ევროპული ოჯახის წევრი.

„დემოკრატიის გარეშე ჩვენ განწირულნი ვიყავით, რომ საქართველოსა და ევროპას შორის დისტანცია შემცირების ნაცვლად, კიდევ უფრო გაიზრდებოდა. დემოკრატიის გარეშე, ჩვენ ვერასოდეს გავხდებოდით ევროპული ოჯახის წევრი. ექვსი წლის წინ, ქართველმა ხალხმა დაძლია უიმედობა და გულგატეხილობა და თავისი ბედისწერა შეცვალა, ირწმუნა ჩვენი პოლიტიკური ძალის და მოიპოვა დემოკრატია. ჩვენ დემოკრატია არც მემკვიდრეობით მიგვიღია და არც ვინმეს კეთილი ნებით უბოძებია ზემოდან, ჩვენ ის სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლით ხელიდან გამოვგლიჯეთ რეჟიმს. რაც ყველაზე მთავარია, უნიკალური ორგანიზებისა და პროცესების ფილიგრანული მართვის წყალობით, ჩვენ ეს უსისხლოდ მოვახერხეთ. სწორედ ამით დავამტკიცეთ, რომ ევროპელობა ჩვენი ცივილიზაციური არჩევანია“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

მისი შეფასებით, „ქართულმა ოცნებამ“ დემოკრატიას შეუქცევადობის პირველი მძლავრი იმპულსი მისცა და ამით გაუხსნა საქართველოს ევროპის კარი. 

„ზედმეტი თავმდაბლობის გარეშე ვიტყვი – „ქართულმა ოცნებამ“ დემოკრატიას შეუქცევადობის პირველი მძლავრი იმპულსი მისცა და ამით გაუხსნა საქართველოს ევროპის კარი. დემოკრატიაა ჩვენი უკომპრომისო ეროვნული იდეა და ჩემი ზეამოცანაა ამ მონაპოვარის შენარჩუნება და განვითარება. სწორედ ამისთვის ვბრუნდები საჯარო პოლიტიკაში“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

მისი თქმით, საქართველო ღირსეულად დაიმკვიდრებს თავს ევროპულ ოჯახში, როგორც გამორჩეული ერი.

„სრულიად განჭვრეტად მომავალში ჩვენ ღირსეულად დავიმკვიდრებთ თავს ევროპულ ოჯახში, როგორც გამორჩეული, თვითმყოფადი ერი, უძველესი ქრისტიანული კულტურის, უნიკალური დამწერლობის და პოლიფონიის, ტრადიციული მეღვინეობის და ვეფხისტყაოსნის ქვეყანა, დასახლებული გულღია და ტოლერანტი ადამიანებით, სადაც სწამთ, რომ „სტუმარი ღვთისაა“. სტუმარმასპინძლობა ჩვენი ეროვნული იდენტობის ნაწილია და ძალიან მალე ეს გამორჩეული თვისება, მე ვიტყოდი – ჩვენი საწყისი უპირატესობა, სწრაფი განვითარების და კეთილდღეობის წყაროდ უნდა გადაიქცეს, როგორც მთლიანად ქვეყნისთვის, ისე ათასობით ქართული ოჯახისთვის“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

მისი შეფასებით, საქართველოს შესწევს უნარი, უმასპინძლოს არამხოლოდ მილიონობით ტურისტს, არამედ საუკეთესო პირობებით, უმაღლეს დონეზე უმასპინძლოს საერთაშორისო ფორუმებს, უმასპინძლოს დიდ ბიზნესს, გახდეს განათლების, სამედიცინო მომსახურების და მაღალი ტექნოლოგიების რეგიონალური ცენტრი, იყოს დიდი შესაძლებლობების ქვეყანა.

„საჭიროა მხოლოდ მიზანდასახულობა, რწმენა და შრომა, ყველაფერი დანარჩენი ჩვენ უხვად მოგვანიჭა ბუნებამ“, – აცხადებს ბიძინა ივანიშვილი.

ამასთან, მისი თქმით, ხელისუფლების ვალდებულებაა, რომ უზრუნველყოს მშვიდობა, შეინარჩუნოს სტაბილური, უსაფრთხო და კონკურენტუნარიანი გარემო თითოეული მოქალაქისთვის.

„მე მწამს საქართველოსი, მჯერა ჩვენი განსაკუთრებულობის, მჯერა ჩვენი ევროპული პერსპექტივის და ზუსტად ვიცი, რომ აუცილებლად დავიბრუნებთ ჩვენს აფხაზ და ოს ძმებს და, რომ უდიდესი წარსულის ხალხს გვექნება ღირსეული მომავალი. ეს არის ჩემი მთავარი და აბსოლუტური მიზანი. ამ საქმეს ბოლომდე მივიყვანთ და გავიმარჯვებთ. სწორედ ამიტომ დავბრუნდი პოლიტიკაში“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა ყრილობაზე სიტყვით გამოსვლისას.

„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარედ დღეს ბიძინა ივანიშვილი აირჩიეს და პოლიტსაბჭოს ახალი შემადგენლობა დაამტკიცეს.