ბიძინა ივანიშვილი - მინდა, გაზაფხულიდან აბასთუმანი გახდეს მხოლოდ ელექტრომობილების რეგიონი 
ბიძინა ივანიშვილი - მინდა, გაზაფხულიდან აბასთუმანი გახდეს მხოლოდ ელექტრომობილების რეგიონი 

გაზაფხულზე დავიწყებთ ექსპერიმენტს, რომ აბასთუმანი გახდეს მხოლოდ ელექტრომობილების რეგიონი, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებთან შეხვედრაზე განაცხადა.

როგორც ბიძინა ივანიშვილმა აღნიშნა, აპირებს, რომ ადგილობრივებს საკუთარი ხარჯებით დაეხმარება.

„მინდა, გაზაფხულიდან აბასთუმანი გახდეს მხოლოდ ელექტრომობილების რეგიონი, მე საკუთარი ხარჯებით, ადგილობრივებს დავეხმარები და მოვახერხებ, წელსვე შეიქმნას პრეცედენტი, რომ აბასთუმანში იმოძრავებენ მხოლოდ ელექტრომანქანები. ჩვენ ამას ტურიზმისთვის კარგად გავაპიარებთ. ბევრს ვუყიდი, ბევრს სხვა მხრით დავეხმარები, რომ გამოცვალონ. აბასთუმანში კიდევ ბევრი რამის გაკეთებას ვაპირებთ. ჩვენ უნდა შევქმნათ პირველი პრეცედენტი, რომ გვაქვს რეგიონი უსუფთავესი. ძალიან არაორდინალურია აბასთუმანი, მსოფლიოში მსგავსი არ არის. ობსერვატორიაზეც მიდის ზრუნვა.  ვაპირებთ, გავაკეთოთ ცალკე მანქანების სადგომი. აბასთუმანში სულ 800 ოჯახია. თუ ყველაფერი სწორად განვითარდა, 10 წლის შემდეგ საქართველო შესაძლოა, პირველი ქვეყანა იყოს, რომელიც ამ დოზით შეცვლის მანქანებს”, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.