ბიძინა ივანიშვილი - მე კარგად მესმის თქვენი, მესმის, რომ უკმაყოფილო ხართ, რადგან ფიქრობთ, რომ ზოგიერთი მოხელე ხალხზე ზრუნვაზე მეტად, პირად კეთილდღეობაზე ზრუნავს
ბიძინა ივანიშვილი - მე კარგად მესმის თქვენი, მესმის, რომ უკმაყოფილო ხართ, რადგან ფიქრობთ, რომ ზოგიერთი მოხელე ხალხზე ზრუნვაზე მეტად, პირად კეთილდღეობაზე ზრუნავს

მესმის თქვენი გულისტკივილის და იმედგაცრუების; მესმის, რომ უკმაყოფილო ხართ, რადგან მნიშვნელოვნად არ გაუმჯობესდა თქვენი ყოფა, – ამის შესახებ აღნიშნულია საქართველოს მოქალაქეებისადმი მიმართვაში, რომელსაც პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ავრცელებს.

ბიძინა ივანიშვილმა მადლობა გადაუხადა მათ, ვინც, მისივე თქმით, კიდევ ერთხელ გამოუცხადა ნდობა „ქართულ ოცნებას“.

„მინდა მივმართო ჩემს ხალხს, მინდა მივმართო იმ პასუხისმგებლობიდან გამომდინარე, რომელიც მაკისრია თქვენს წინაშე; პირველ რიგში, მადლობა მათ, ვინც კიდევ ერთხელ გამოგვიცხადეთ ნდობა, მადლობა იმ ადამიანებს, ვისაც ბევრი პრობლემის მიუხედავად, სჯერა ჩვენი არჩეული გზის;

მაგრამ დღეს, ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, მივმართო მათ, ვინც გულგატეხილია.

მინდა გითხრათ, რომ მე კარგად მესმის თქვენი! მესმის თქვენი გულისტკივილის და იმედგაცრუების; მესმის, რომ უკმაყოფილო ხართ, რადგან მნიშვნელოვნად არ გაუმჯობესდა თქვენი ყოფა; მესმის, რომ უკმაყოფილო ხართ, რადგან ფიქრობთ, რომ ზოგიერთი მოხელე ხალხზე ზრუნვაზე მეტად, პირად კეთილდღეობაზე ზრუნავს;

უკმაყოფილო ხართ, რადგან ფიქრობთ, რომ დღევანდელმა ხელისუფლებამ ვერ მოახერხა სამართლიანობის აღდგენა; ბევრი თქვენთაგანი გაბრაზებულია, რადგან დასაშვები გავხადეთ მოძალადე რეჟიმის დაბრუნების საფრთხე“,- აცხადებს ბიძინა ივანიშვილი.

ამასთან, პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის განცხადებით, მათი მოწინააღმდეგე არ არის პოლიტიკური პარტია.

როგორც ივანიშვილი ამბობს, დღეს მათ პირისპირ ისევ რევანშისთვის გაერთიანებული მოძალადეები დგანან.

„დღეს არ ვაპირებ, ვისაუბრო არც იმ 9 წლიან რეჟიმზე, რომელმაც ფეხქვეშ გათელა ყველა უფლება, ყველა ღირსება, და ეს ბევრმა თქვენგანმა საკუთარ თავზე და ოჯახზე იწვნია, და არც ჩვენს მიღწევებზე.

დღეს ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი სამშობლო ისევ ისტორიულ გზაგასაყართან დგას. არსებობს მცდარი გადაწყვეტილების მიღების მაღალი რისკი, მაგრამ ამავე დროს, ეს არის ახალი შესაძლებლობების განახლების საუკეთესო მომენტი.

რამდენიმე თვის წინ, მომიწია პოლიტიკაში დაბრუნება. მომიწია, რადგან ვხედავდი, რომ პრობლემები ღრმავდებოდა და მათზე რეაგირების ეფექტური მექანიზმი არ არსებობდა. თუმცა აღმოჩნდა, რომ ხალხი, კიდევ უფრო ღრმად და ნათლად ხედავდა ამ პრობლემებს. დღეს არ შემიძლია, არ დაგეთანხმოთ.

თუმცა ერთი რამ ყველას უნდა გვახსოვდეს – ჩვენი მოწინააღმდეგე არ არის პოლიტიკური პარტია. დღეს ჩვენს წინ, ჩვენს პირისპირ, სამწუხაროდ, ისევ რევანშისთვის გაერთიანებული მოძალადეები დგანან. ჩვენ ვდგავართ განსაცდელის წინაშე და ეს განსაცდელი ჩვენ დავუშვით“,- აცხადებს ბიძინა ივანიშვილი საქართველოს მოქალაქეებისადმი მიმართვაში.