ბიძინა ივანიშვილი – მართლაც შთამბეჭდავია გამარჯვება, ჩვენ ვართ უნიჭიერესი ერი, ერთადერთი სახელმწიფოა საქართველო, რომელმაც მოახერხა და აგენტურა გაისტუმრა, ღირსეულ ადგილს დავიკავებთ მსოფლიოში

20:19, 04.10.2025

მართლაც შთამბეჭდავია გამარჯვება, გილოცავთ. ქართულმა საზოგადოებამ მოახერხა და საბოლოოდ გავსწორდით წელში. ეს არის ის, რასაც იმსახურებს ჩვენი ისტორია, ჩვენი გენეტიკა. ჩვენ ვართ უნიჭიერესი ერი, რაღაც დროს, რაღაც სიტუაციაში ჩვენ დავიკარგეთ, მაგრამ ვიკრებთ ძალას და ღირსეულ ადგილს დავიკავებთ მსოფლიოში, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა.

ივანიშვილმა მადლობა გადაუხადა ამომრჩევლებს თვითმმართველობის არჩევნებში გამოცხადებული ნდობისთვის.

„ერთ რამეს მინდა, გავუსვა ხაზი – თანამედროვე დაპყრობის მეთოდი გახლავთ აგენტურა. აგენტურის საშუალებით, ჩვენზე დიდმა, გაცილებით განვითარებულმა ქვეყნებმა დაკარგეს სუვერენიტეტი. ძალიან ბევრი ქვეყანა მიექანება კატასტროფაში. ეს გახლავთ დაპყრობის თანამედროვე იარაღი. ამ მეთოდით ყველაზე ძლიერი, ყველაზე ცივილიზებული ქვეყნები დააჩოქეს, უნგრევენ ეკონომიკას, საზოგადოებებს, საშინელი დაპირისპირებებია, გაუკუღმართებული ცხოვრება შეუქმნეს. ქართველი ერის ნიჭიერება ჩვენ უკვე ვაჩვენეთ. ერთადერთი სახელმწიფოა საქართველო, რომელმაც მოახერხა და აგენტურა გაისტუმრა. გახსოვთ, 2012 წელს ჩვენ დავძლიეთ უდიდესი, ყველაზე ბოროტი ძალა, რომელიც ამათ ზურგს უმაგრებდა. ყველას გვეგონა, რა გახდა ეს „ნაციონალური მოძრაობა“, არაფერ შუაში არ არის „ნაციონალური მოძრაობა“. მათ უკან დგას ძალიან დიდი ბოროტი ძალა და ვინც პოლიტიკაში გაცნობიერებულია, ძალიან კარგად იცის, რა ძალები უჭერენ მხარს, რა ხდება დღეს მსოფლიოში. უნიჭიერესი ერი ვართ და ჩვენ ეს დავამტკიცეთ, ჩვენი ერთობით მოვახერხეთ და გავისტუმრეთ ისინი, ნელა-ნელა ვიბრუნებთ სუვერენიტეტს. გარწმუნებთ, ვისაც სამშობლოს სიყვარული შერჩა მსოფლიოში, საქართველოს მიმართ შეიძლება, ყველაზე დიდი შური აქვთ. ყველაზე მაგრად ვდგავართ და ვიჭერთ სიტუაციას. საზოგადოებაზე გადის გზა. აკეთებენ იმას, რომ როგორმე გაგვასულელონ, გაგვაგიჟონ, გამოვიდეთ ისეთი მასა, რომ ხელისუფლება ვეღარ შევინარჩუნოთ. არჩევნები კატასტროფულად წააგეს და დღესაც მცდელობა აქვთ, ქუჩიდან რამე გააკეთონ. საბედნიეროდ, აქაც ჩანს ქართველი ხალხის სიბრძნე. როგორ შეიძლება, 80 პროცენტი პარტიას მხარს უჭერდეს და ათი ათასმა კაცმა გადატრიალება მოახდინოს“, – განაცხადა ივანიშვილმა.

მსგავსი