ბიძინა ივანიშვილი - ისტორიულად ქუთაისს ჰქონდა საგანმანათლებლო ცენტრის ფუნქცია და ვფიქრობ, ქუთაისი იყო საუკეთესო არჩევანი
ბიძინა ივანიშვილი - ისტორიულად ქუთაისს ჰქონდა საგანმანათლებლო ცენტრის ფუნქცია და ვფიქრობ, ქუთაისი იყო საუკეთესო არჩევანი

ეს იქნება სახელმწიფო უნივერსიტეტი, – ამის შესახებ „ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტთან“ დაკავშირებით „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა.

როგორც მან „ქუთაისის უნივერსიტეტის მშენებლობასთან“ დაკავშირებულ ინტერვიუში აღნიშნა, საუნივერსიტეტო ქალაქის აშენება მისი დიდი ხნის სურვილია.

ბიძინა ივანიშვილი ინტერვიუში 2007 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაშინდელ რექტორთან შეხვედრას იხსენებს, სადაც საუნივერსიტეტო ქალაქის აშენების სურვილი გამოთქვა.

„მე შევხვდი უნივერსიტეტის რექტორს, ხუბუას ჩემივე ინიციატივით. მაშინ გარემონტებაზე იყო საუბარი და დავიწყეთ კიდეც. საუბარშივე გამოვთქვი ჩემი დიდი ხნის სურვილი საუნივერსიტეტო ქალაქის აშენების შესახებ. თუ არ მეშლება, ეს იყო 2007 წელი. სხვათა შორის, ბათუმისთვის პროექტიც მაქვს გაკეთებული, რაშიც მილიონ დოლარზე მეტი მაქვს გადახდილი, უცხოელებს დავუკვეთე. უცხოელებმა დაგვარწმუნეს, რომ ეს აღარ არის პერსპექტიული და არ შეიძლება ამხელა უნივერსიტეტის გაკეთება, საკუთარი ენერგიით უნდა იმუშაოს და სამ სართულზე მეტი არ ივარგებდა. შემდეგ პოლიტიკური პროცესები გართულდა, ამას ომი დაერთო, მათთან ურთიერთობა შევწყვიტე, რაც მოხდა იმ არჩევნების შემდეგ და ა.შ. ამის შემდეგ უკვე ქუთაისის იდეა ჩამოყალიბდა, მე მგონი, ყველაზე ლოგიკური და ყველაზე სწორი. ისტორიულად, ტრადიციულად, ქუთაისს ჰქონდა საგანმანათლებლო ცენტრის ფუნქცია და ვფიქრობ, რომ ქუთაისი იყო საუკეთესო არჩევანი. დრო კი ბევრი დაიხარჯა, მაგრამ მე მგონი, იდეურად ძალიან სწორად განვითარდა“ – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

როგორც ბიძინა ივანიშვილმა აღნიშნა, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი დასავლეთ საქართველოს დამატებით ხიბლს შესძენს, გამოაცოცხლებს, ასევე სტუდენტები გადანაწილდებიან როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოში.

,,ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილისა და ,,ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის“ დამფუძნებლის, ეკატერინა ხვედელიძის ინტერვიუ „ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის“ ფეისბუქგვერდზე გამოქვეყნდა.