ბიძინა ივანიშვილი - იმედი გვაქვს, 2020 წელს მივიღებთ პარლამენტს, სადაც თითქმის ყველა პოლიტიკური აქტორი, მთელი ინტელექტუალური პოტენციალი იქნება წარმოდგენილი
ბიძინა ივანიშვილი - იმედი გვაქვს, 2020 წელს მივიღებთ პარლამენტს, სადაც თითქმის ყველა პოლიტიკური აქტორი, მთელი ინტელექტუალური პოტენციალი იქნება წარმოდგენილი

პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ ფართომასშტაბიანი პოლიტიკური რეფორმის ინიციატივით გამოდის, –  ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“  თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა პარტიის ოფისში ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით,  2020 წლის საპარლამენტო არჩევნები უნდა ჩატარდეს პროპორციული სისტემით, ნულოვანი საარჩევნო ბარიერის პირობებში.

„პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“, ფართომასშტაბიანი პოლიტიკური რეფორმის ინიციატივით გამოდის: 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები, ჩატარდეს პროპორციული სისტემით, ნულოვანი, ვიმეორებ, ნულოვანი საარჩევნო ბარიერის პირობებში“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

მან ბრიფინგზე „ქართული ოცნების“ დღევანდელი პოლიტიკური გადაწყვეტილების მიზეზები განმარტა.

„უპირველესი მიზეზი, რამაც ამისკენ გვიბიძგა, არის ჩვენი საზოგადოების და განსაკუთრებით, ახალგაზრდობის სურვილი და მზაობა, აქტიურად ჩაერთოს ქვეყნის მართვაში, და საკუთარ თავზე აიღოს პასუხისმგებლობა.

საზოგადოების ამ სულისკვეთებასთან თანხვედრაშია ჩვენი პოლიტიკური გუნდის სურვილიც, ნებაყოფლობით ვთქვათ უარი იმ სასტარტო უპირატესობაზე, რაც შერეული საარჩევნო სისტემის პირობებში ბუნებრივად გააჩნია „ქართულ ოცნებას“.

შუალედური არჩევნების შედეგებმა ყველა დაარწმუნა, რომ „ქართული ოცნების“ ნებისმიერი კანდიდატი, პრაქტიკულად უკონკურენტოა. ფაქტია, რომ პოპულარულ ადამიანებს კვლავ „ქართული ოცნების“ ეგიდით  სურთ პოლიტიკურ ასპარეზზე გამოსვლა და თუ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები შერეული სისტემით ჩატარდა, მაღალი ალბათობით, „ქართული ოცნება“ თითქმის ყველა მაჟორიტარულ ოლქს მოიგებს, რითაც უკიდურესად შეამცირებს მრავალპარტიული პარლამენტის ფორმირების რესურსს. ეს შესაძლოა, ემსახურებოდეს ჩვენს პარტიულ ინტერესს, მაგრამ ვეღარ პასუხობს ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებს.

და კიდევ ერთი მიზეზი, რაც საფუძვლად დაედო ჩვენს დღევანდელ გადაწყვეტილებას არის ის მზარდი, გლობალური თუ  ლოკალური ხასიათის, პოლიტიკური და ეკონომიკური გამოწვევები, რომლის წინაშეც დგას ჩვენი ქვეყანა და, რომლებთანაც გამკლავებას  სულ უფრო ხშირად დასჭირდება ფართო საზოგადოებრივი და პოლიტიკური კონსენსუსი, ერთიანობა და პასუხისმგებლობის გაზიარება, რაც მხოლოდ მაქსიმალურად პლურალისტურ გარემოშია შესაძლებელი;

ამიტომ, ჩვენ გთავაზობთ, პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას. იმავდროულად, ნულზე ჩამოგვყავს, ანუ სრულად ვაუქმებთ დღეს არსებულ პროცენტულ ბარიერს“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

მან იმედი გამოთქვა, რომ ამ გზით, 2020 წელს იქნება პარლამენტი, სადაც თითქმის ყველა პოლიტიკური აქტორი და ქვეყნის მთელი ინტელექტუალური პოტენციალი იქნება წარმოდგენილი.

„იმედი გვაქვს, რომ ამ გზით, 2020 წელს მივიღებთ პარლამენტს, სადაც თითქმის ყველა პოლიტიკური აქტორი და ამ ქვეყნის მთელი ინტელექტუალური პოტენციალი იქნება წარმოდგენილი. არავის დასჭირდება ვინმესთან მიკედლება, ხელოვნური გაერთიანება და ხშირად საკუთარ პრინციპებზე უარის თქმა, რათა თავისი წვლილი შეიტანოს ქვეყნის განვითარებასა და წინსვლაში“, – აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.

მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ პოლიტიკური გუნდი მზადაა, მიმდინარე სასესიო კვირის დასრულებისთანავე, დაიწყოს ფართო კონსულტაციები, საპარლამენტო და არასაპარლამენტო პოლიტიკურ პარტიებთან, ყველასთან, ვინც მზად არის კონსტიტუციისა და კანონის უპირობო პატივისცემის ფარგლებში ეწეოდეს აქტიურ პოლიტიკურ საქმიანობას.