ბიძინა ივანიშვილი - განათლება არის უმოკლესი გზა თავისუფლებისკენ
ბიძინა ივანიშვილი - განათლება არის უმოკლესი გზა თავისუფლებისკენ

განათლება უმოკლესი გზაა თავისუფლებისაკენ, განათლება გაძლევს პროფესიას, პროფესია კეთილდღეობისკენ გზაა. ალბათ, არაორდინალურები არ ვიყავით მე და ჩემი მეუღლე, როდესაც პირველი ბჭობა დავიწყეთ, გაგვიჩნდა  საშუალება, რომ ქვეყანას დავხმარებოდით, – ამის შესახებ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა  ინტერვიუში განაცხადა, რომელიც „ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის“ მშენებლობას ეხება.

,,ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილისა და უნივერსიტეტის დამფუძნებლის, ეკატერინა ხვედელიძის ინტერვიუ „ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის“ ფეისბუქგვერდზე გამოქვეყნდა.

ბიძინა ივანიშვილი ინტერვიუში სტუდენტობის პერიოდს იხსენებს, როდესაც მისი თქმით, დიპლომი იყო უმოკლესი გზა და არა განათლება, არა შინაარსი, არამედ ფორმა.

როგორც მან აღნიშნა, საქართველოში განათლების დონემ მისი ყურადღება ჯერ კიდევ ასპირანტურაში სწავლის დროს მიიქცია.

„მე ჯერ კიდევ ასპირანტურაში ვსწავლობდი მოსკოვში, როდესაც პირველად მიიქცია ჩემი ყურადღება  საქართველოს განათლებამ და განათლების დონემ.  ასპირანტურაში ეკონომიკაში ვაკეთებდი დისერტაციას და ფიზიკა-მათემატიკაში ვამზადებდი აბიტურიენტებს. პრინციპში, იქ ამით ვცხოვრობდი. სტიპენდიის გარდა, სხვა შემოსავალი არ მქონია და დამხმარეც არ მყავდა. ამ ფონზე შევამჩნიე, რომ განათლების დონე და ატესტატებში ნიშნები იყო აცდენილი. ამან ჩემი გულწრფელი შეშფოთება გამოიწვია. მახსოვს, თბილისში დავბრუნდი, ჩემს მეგობრებს ეს მოვუყევი შეშფოთებულმა და წერილიც გავამზადე.  ჩემი ერთი მეგობარი ხშირად წერდა და მას ვთხოვე დახმარება, რომ გამყოლოდა, მაშინ „ახალგაზრდა კომუნისტი“ იყო და იქ მინდოდა დაბეჭდვა ამაზე, განგაში დავიწყოთ ქართველებმა, რომ სკოლებში თუ სწავლის დონე არ აიწია ოდესღაც, ის დამოკიდებულება გახსოვთ საბჭოთა კავშირის დროს დამახინჯებული სისტემა, რომ დიპლომი იყო უმოკლესი გზა და არა განათლება, არა შინაარსი, არამედ ფორმა და ეს იყო მძიმე დრო.

მაშინ მოვახერხე და გულწრფელად, ჩემმა სამეგობრომ იცის, რომ გონგის შემოკვრა გადავწყვიტე, რომ თუ ასე გაგრძელდა, ჩვენ შეიძლება, ოდესღაც ქართველებს ძალიან გაგვიჭირდეს, როდესაც სიტუაცია შეიცვლება და არა დიპლომს, ჭეშმარიტად ცოდნას დაედება ფასი“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

მისი თქმით, „ახალგაზრდა კომუნისტში“ წერილი მიიტანა, თუმცა არ დაუბეჭდეს და იმედგაცრუებული წამოვიდა.

„აქედან მოყოლებული და ეს ბუნებრივი პროცესია რა თქმა უნდა, შესაბამისად, ალბათ არაორდინალურები არ ვიყავით მე და ჩემი მეუღლე, როდესაც პირველი ბჭობა დავიწყეთ, გაგვიჩნდა  საშუალება, რომ ქვეყანას დავხმარებოდით. მე მგონი ეს იყო 1992 წელი. უნივერსიტეტის მშენებლობა თავში აზრადაც არ მოგვსვლია, რადგან არსებული უნივერსიტეტები იყო. იმ პერიოდში სკოლები ცუდ დღეში იყო მოგეხსენებათ და ის ამბიცია, რომ ახალი გააკეთო, აზრადაც არ მოგვსვლია, რომ ჩვენ უნივერსიტეტის მშენებლობა დაგვეწყო მაშინ. არსებულის დახმარებას ვახერხებდით“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა ინტერვიუში, რომელიც სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“„ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის“ გვერდზე გამოქვეყნდა.