ბიძინა ივანიშვილი - ეკა გიგაური ცუდ სამსახურს უწევს სამოქალაქო საზოგადოებას
ბიძინა ივანიშვილი - ეკა გიგაური ცუდ სამსახურს უწევს სამოქალაქო საზოგადოებას

რამდენიმე NGO-ს აქვს პრეტენზია, რომ რასაც უნდათ, არგუმენტების გარეშე იტყვიან და დაადანაშაულებენ ხელისუფლებას. თუ ხელისუფლება პასუხს სცემს, ამას აფორმებენ სამოქალაქო საზოგადოების ზეწოლაში,- ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა დღეს, ჟურნალისტებთან შეხვედრაზე განაცხადა.

როგორც ივანიშვილმა აღნიშნა, ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელი ეკა გიგაური ცუდ სამსახურს უწევს სამოქალაქო საზოგადოებას.

„რამდენიმე ჯგუფი გააერთიანა ეკა გიგაურმა. რამდენჯერმე მივანიშნე მას, რომ კარგი იქნება, გავიდეს ამ სექტორიდან, რადგან ძალიან ცუდ სამსახურს უწევს სამოქალაქო საზოგადოებას მისი იქ ყოფნა. ბევრჯერ მიპასუხია მისთვის, მისი სიცრუეებიც, ბევრჯერ გამომიტანია, მაგრამ დღეს ვიქნები უფრო კარდინალური, თურმე ამერიკის ელჩს აღარ ნიშნავს ივანიშვილიო. ეკა გიგაურმა გააკეთა განმარტებები, რომ საშინელებები ხდება. გიგაური წარმოუდგენელ თამაშში შევიდა. ამერიკის ელჩს რაც შეეხება, ამაზე პასუხის გაცემის მცდელობაც არ მექნება. შედით ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის საიტზე, სადაც ჩანს, რამდენი ელჩი დანიშნეს და სად არის ვაკანსია, იმის იქით როგორ წარმოგიდგენიათ ეს ყველაფერი“, – აღნიშნა ივანიშვილმა.

მისივე თქმით, ეკა გიგაური ცდილობს, თავი აარიდოს კითხვებს.

„უკვე სამი წელია, სასამართლოში არ ცხადდება მისსავე დაწერილ საჩივარზე. მან უჩივლა გოგა ხაინდრავას, თითქოს ხაინდრავა არასწორად მოიხსენიებს, რომ 2007 წლის 7 ნოემბრის დარბევის დროს ეკა გიგაური ხელს აწერს სპეცრაზმის 183 თუ 190 თანამშრომლისთვის პრემიის გამოწერას. სასამართლოშია ეს საბუთები წარდგენილი და არც პატარა პრემიებზეა საუბარი. 7 ნოემბერს თუ მოხდა დარბევა, გიგაური, თუ არ მეშლება, 14-15 ნოემბერს ამ პრემიებს გასცემს და 21 ნოემბერს ღებულობს ვადაზე ადრე უვადოდ კაპიტნის წოდებას. ეს უთხრა მას თავის დროზე გოგა ხაინდრავამ. ეს წარსული მისია, ჩემი არ არის. სასამართლოში არ ცხადდება. იცის, რომ სასამართლოს ეს საბუთები უდევს. რა უფლება აქვს, რომ სამოქალაქო საზოგადოებაშია. კეთილი ინებოს, მივიდეს სასამართლოზე და თუ აღიარებს, რომ ეს ასე იყოს, უნდა დატოვოს საზოგადოება, რომ ასეთმა ადამიანებმა არ დაუკარგონ ხიბლი სამოქალაქო სექტორს. კიდევ ერთხელ მომიწია მკვეთრად პასუხის გაცემა, რადგან არ ჩერდება. როგორც კი ხელისუფლების რომელიმე წარმომადგენელი მიანიშნებს, რომ არაკორექტული განცხადება გააკეთა სამოქალაქო საზოგადოების რაღაც ჯგუფმა, ეგრევე თავდასხმა ხდება მათი მხრიდან“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.