ბიძინა ივანიშვილი - დღეს საქართველოს მოქალაქეები რეალურად თავისუფლები და სახელმწიფოს მხრიდან ყოველგვარი თვითნებობისგან დაცული არიან
ბიძინა ივანიშვილი - დღეს საქართველოს მოქალაქეები რეალურად თავისუფლები და სახელმწიფოს მხრიდან ყოველგვარი თვითნებობისგან დაცული არიან

დღეს საქართველოს მოქალაქეები რეალურად თავისუფლები და სახელმწიფოს მხრიდან ყოველგვარი თვითნებობისგან დაცულნი არიან, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა ყრილობაზე განაცხადა.

მისი განცხადებით, დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ სწორედ ეს იყო ქართველი ხალხის ერთ-ერთი მთავარი ეროვნული ამოცანა.

„დღეს საქართველოს მოქალაქეები რეალურად თავისუფლები და სახელმწიფოს მხრიდან ყოველგვარი თვითნებობისაგან დაცულნი არიან. შეგახსენებთ, რომ დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ სწორედ ეს იყო ჩვენი ხალხის ერთ-ერთი მთავარი ეროვნული ამოცანა. ისინი დემოკრატიული გზით ირჩევენ დღეს ხელისუფლებას და თავადვე ანიჭებენ მას სახელმწიფოს მართვის ლეგიტიმაციას“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა. 

მისი შეფასებით, საქართველოს დღეს ხალხის ნდობით შერჩეული, არა უნაკლო, მაგრამ ადამიანზე ორიენტირებული ხელისუფლება ჰყავს. აღნიშნულის ერთ-ერთ მაგალითად ბიძინა ივანიშვილმა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა დაასახელა.

„დღეს ჩვენ გვყავს არა არჩევნების გაყალბებით, დაშინებითა და ძალადობით მოსული, არამედ ხალხის ნდობის საფუძველზე შერჩეული, ცხადია, არა უნაკლო, მაგრამ რაც მთავარია, ადამიანზე, როგორც მთავარ ღირებულებაზე ორიენტირებული ხელისუფლება. ამის თვალსაჩინო მაგალითს, სხვას ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, საყოველთაო ჯანდაცვის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა წარმოადგენს“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა სიტყვით გამოსვლისას.

ბიძინა ივანიშვილი პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარედ დღეს პარტიის მეხუთე ყრილობაზე აირჩიეს.