ბიძინა ივანიშვილი - დღეს არავის უჩნდება კითხვა, ერთი პროცენტითაც რომ მოიგოს „ქართულმა ოცნებამ“, ეს იქნება ხალხის არჩევანი, ეს ვერ იქნება გაყალბებული არჩევნები
ბიძინა ივანიშვილი - დღეს არავის უჩნდება კითხვა, ერთი პროცენტითაც რომ მოიგოს „ქართულმა ოცნებამ“, ეს იქნება ხალხის არჩევანი, ეს ვერ იქნება გაყალბებული არჩევნები

იმ გაფრთხილებამ, „ცივმა შხაპმა“, რაც საზოგადოებამ „ქართულ ოცნებას“ მისცა, ძალიან დიდი პოზიტივი აჩვენა ყველაზე სკეპტიკურ ევროპელებსაც კი, რომ საქართველოში არჩევნები არ ყალბდება, – ამის შესახებ „ქართული ოცნება – დემოკრატიული“ საქართველოს თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, ხელისუფლებაში „ქართული ოცნების“ მოსვლის შემდეგ, არჩევნების გაყალბების მცდელობაც კი არ ყოფილა.

„რაც მთავარია, ზოგი ჭირი მარგებელიაო და ამ არჩევნებზე ისევ ჩვენმა საზოგადოებამ ივაჟკაცა. ასე რომ ვთქვათ, იმ გაფრთხილებამ, ცივმა შხაპმა, რაც საზოგადოებამ „ქართულ ოცნებას“ მისცა, ძალიან დიდი პოზიტივი აჩვენა ყველაზე სკეპტიკურ ევროპელებსაც კი, რომ საქართველოში არჩევნები არ ყალბდება.

რაც ხელისუფლებაში მოვედით, არჩევნების გაყალბების მცდელობაც კი არ ყოფილა. პირადად მაქვს ნათქვამი, ხელს მოვაჭრი, უკაცრავად ასეთი უხეში გამონათქვამისთვის, ვინმემ რომ გაბედოს და ყუთში სხვის მაგივრად ხმის მიცემა თავში გაივლოს.

უნდა მოვახერხოთ და ყველაფერში პოზიტივი დავინახოთ. ჩვენ ვართ ასეთი გაჭირვებული სახელმწიფო, ყველა ჭირიდანაც სარგებელი უნდა გამოვიტანოთ. ამან ეს პოზიტივი აშკარად მოიტანა, რომ დღეს არავის არ უჩნდება კითხვა, ერთი პროცენტითაც რომ მოიგოს „ქართულმა ოცნებამ“, ეს იქნება ჭეშმარიტი მოგება და ეს იქნება ხალხის არჩევანი, ეს ვერ იქნება გაყალბებული არჩევნები“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

მისი თქმით, ყველაფერს გააკეთებს, რომ სახელმწიფო გაძლიერდეს და მოსახლეობა სწორი მიმართულებით განვითარდეს.

„მე არ ვამბობ, რომ მხოლოდ „ქართულ ოცნებას“ და მენეჯმენტს გავამაგრებ. ძალიან ბევრ მინუსებსა და ხვრელებს ვხედავ. ყველაფერს გავაკეთებ, რომ სახელმწიფო იყოს ძლიერი, ჩვენი მოსახლეობა სწორი მიმართულებით განვავითაროთ და მივიყვანოთ იქ, სადაც ჩვენი ისტორიული ადგილია – განვითარებული ევროპის სამეგობრო ქვეყნებს შორის“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

ამასთან, როგორც ივანიშვილმა აღნიშნა, მისი სურვილია, მაქსიმალურად მოხდეს საზოგადოების მობილიზება, რომ „ქართულმა ოცნებამ“ სერიოზული სხვაობით მოიპოვოს გამარჯვება.

„კიდევ ერთხელ ვთხოვდი, რომ მაქსიმალური მობილიზაცია გაკეთდეს, რომ რამდენიმე პროცენტით კი არა, ჩვენ შეგვიძლია, სერიოზული პროცენტებითაც გავიმარჯვოთ. თუ გახსოვთ, ამას ვთხოვდი საზოგადოებას 2012 წელსაც, ჩვენი ძალა ერთობაშია. რა თქმა უნდა, იმხელა მუხტი ახლა ვერ შეიქმნება და ისეთი ხიფათიც აღარ გვაქვს. თუ გახსოვთ, მაშინ 700 ათასი კაცი გამოვიდა, ფილარმონიამდე იყო ხალხი, ასეთი მობილიზება ქვეყანაში არ ყოფილა“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.