ბიძინა ივანიშვილი - ჩემი მიზანია, 2030 წლამდე ერთ მოსახლეზე წარმოებულმა პროდუქციამ 12 ათასს გადააჭარბოს
ბიძინა ივანიშვილი - ჩემი მიზანია, 2030 წლამდე ერთ მოსახლეზე წარმოებულმა პროდუქციამ 12 ათასს გადააჭარბოს

„ქართული ოცნების“ მოსვლის შემდგომ ჩაეყარა ნიადაგი ჯანსაღ ეკონომიკურ საფუძვლებს, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ განაცხადა, ეკონომიკის განვითარების პრობლემებზე საუბრისას.

მისი თქმით, ხუთ-ათ წელში ეკონომიკაში საოცრებების მოხდენა, წარმოუდგენელია, მაგრამ პროცესი სწორია.

„რეალურად ჩვენი მოსვლის შემდგომ ჩაეყარა ჯანსაღ ეკონომიკურ საფუძვლებს ნიადაგი და ამის შემდგომ დაიწყო პროცესი. ეს არის ძალიან ცოტა, ხუთი და ათი წელიწადი,  ეკონომიკაში საოცრებები რომ მოახდინო, წარმოუდგენელია, მაგრამ პროცესია სწორი. მიმართულებაა სწორი, ამაზე აკრიტიკოს ოპონენტებმა რამდენიც გნებავთ, ეს უნდა დავიცვათ და უნდა მოვახერხოთ კიდევ რამდენიმე წელიწადი“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

მისი თქმით, მიზანია, რომ 2030 წლამდე საქართველოში ერთ სულ მოსახლეზე წარმოებულმა პროდუქციამ საქართველოში არსებული 4400 თუ 4500-დან 12 000-სს გადააჭარბოს.

„2030 წლამდე არც ისე ტრაგიკული დროა 12 წელიწადი. ჩემი მიზანია და თუ გნებავთ ოცნებაც არის, რომ 2030 წლამდე მოვახერხოთ, ერთ მოსახლეზე წარმოებული პროდუქცია, რომელიც დღეს 4 400 თუ 4 500-ია, 12 ათასს გადავაცილოთ, თითქმის სამმაგია ეს ზრდა“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

მისი თქმით, საუბრობდა იმაზეც, რომ საქართველო 2030 წლამდე შესაძლოა, ევროკავშირის წევრიც გამხდარიყო.

„ამავდროულად, ვსაუბრობდი, რომ ევროკავშირის წევრობაც შეიძლება მოვახერხოთ 2030 წლამდე. ეკონომიკის გარეშე ამას დიდი ფასი არ აქვს და ალბათ, ვერც მოვახერხებთ, მაგრამ თუ ეს მოხდა, მიზანიც და ოცნებაც ესაა და რეალურია ძალიან, ჩვენ შეგვიძლია ჭეშმარიტად გავხდეთ ევროპული ქვეყანა, თავისი დემოკრატიული ინსტიტუტებით, ვთქვათ, არა  ძალიან მაღალი ეკონომიკით, მაგრამ უკვე შესადარი ეკონომიკით.  ამის შემდეგ ქვეყანა აღარ იქნება მოწყვლადი. თემები, რომელსაც ვიხსნებ ძალიან ხშირად – ეკონომიკისა და დემოკრატიის შედარება, დაკარგავს თავის მნიშვნელობას, აღარ იქნება ისეთი სახიფათო ქვეყნის სტაბილურობა და სახელმწიფოს მართვა“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

როგორც ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, 2030 წლამდე დარჩენილი 12 წელიწადი ძალიან ეფექტიანი მართვა და დიდი სიფრთხილეა საჭირო.

„ეს დარჩენილი დრო, 10-12 წელიწადი ჩვენ გვჭირდება ძალიან ეფექტური მართვა და ძალიან დიდი სიფრთხილე, რომ არ მოვახერხოთ და კიდევ არ ავაყიაროთ ქვეყანა და კიდევ უბედურება არ დავატრიალოთ“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.