ბიძინა გიორგობიანი – ე.წ. საბოტაჟის საქმეზე ადვოკატების კითხვებს სრულყოფილი პასუხები გავეცით, დიალოგი ძალიან კვალიფიციურად წარიმართა

16:00, 14.07.2026

2025 წლის იანვარში პროკურატურაში შევიტანეთ განცხადება იმ საჯაროდ ხელმისაწვდომ ინფორმაციაზე დაყრდნობით, რომელიც ვრცელდებოდა როგორც ტელევიზიით, ასევე სოციალური ქსელით, პოლიტიკური პარტიების, თუ არასამთავრობო ორგანიზაციების ან ინდივიდების მხრიდან, – ამის შესახებ პარტია „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ პოლიტიკურმა მდივანმა, ბიძინა გიორგობიანმა განაცხადა.

მისი თქმით, პროკურატურას მიაწოდეს ინფორმაცია სახელმწიფო დაწესებულებების ბლოკირების, საბოტაჟის შესახებ, რომ მიდიოდა ძალადობრივი აქციების ორგანიზება, რომელიც სამართალდამცავებთან შეტაკებაში გადაიზარდა.

„მაშინ უამრავი მოქალაქე და სამართალდამცავი დაშავდა, სახელმწიფოს მიადგა ძალიან დიდი როგორც მატერიალური, ასევე მორალური და პოლიტიკური ზიანი. პროკურატურაში შეტანილ განცხადებაში ყველაფერ ამას მოვუყარეთ თავი და სამართლებრივი სახე მივეცით. მიმდინარეობს პროცესი, რომელზეც წარმოდგენილია ადამიანების ნაწილი, მამტკიცებელი საბუთები მხოლოდ რვა ადამიანზეა“, – განაცხადა ბიძინა გიორგობიანმა.

მისი თქმით, პარტია „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წევრებმა ადვოკატების კითხვებს სრულყოფილი პასუხები გასცეს.

„კითხვები ძირითადად ეხებოდა იმას, თუ საიდან გვქონდა ინფორმაცია. ჩვენ მიერ იქნა წარმოდგენილი მათივე საჯარო განცხადებები, რომელსაც მოჰყვა კონკრეტული ქმედებები, რაც ვიხილეთ ტელევიზიითაც, ის საშინელება, რაც მაშინ რუსთაველზე ტრიალებდა. ზურაბ ჯაფარიძემ მკითხა, თუ გაქვთ ინფორმაცია, ჩემს პარტიას საზღვარგარეთიდან ჩაერიცხა თუ არა ფულიო. ეს არის სამართლებრივად გაუმართავი კითხვა. საიდან უნდა მქონდეს წვდომა მის პირად ან პარტიის ანგარიშებზე. ჩვენი დიალოგი ძირითათად ძალიან კვალიფიციურად წარიმართა ადვოკატების თანდასწრებით“, – განაცხადა ბიძინა გიორგობიანმა.

ცნობისთვის, საზოგადოებრივი მოძრაობის, „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ დამფუძნებლებმა გენერალურ პროკურატურაში სარჩელი 2025 წლის 18 იანვარს შეიტანეს.

შეგახსენებთ, გენერალურმა პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის, გიორგი ვაშაძის, ნიკა გვარამიას, ნიკა მელიას, ზურაბ (გირჩი) ჯაფარიძის, ელენე ხოშტარიას, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო სახელმწიფოს წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულების ბრალდებით. გიორგი ვაშაძეს, ზურაბ (გირჩი) ჯაფარიძესა და ნიკა გვარამიას აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000-ლარიანი გირაო აქვთ შეფარდებული, ხოლო მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს – 1 000 000-ლარიანი გირაო.

მსგავსი