ბიძინა გეგიძე - უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა სიას შევისწავლი და თუ ვერ დაიმსახურებს ჩემს მხარდაჭერას, უმრავლესობას დავტოვებ
ბიძინა გეგიძე - უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა სიას შევისწავლი და თუ ვერ დაიმსახურებს ჩემს მხარდაჭერას, უმრავლესობას დავტოვებ

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა სიას შევისწავლი და თუ ვერ დაიმსახურებს ჩემს მხარდაჭერას, უმრავლესობას დავტოვებ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ბიძინა გეგიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ბიძინა გეგიძემ პრესკონფერენციაზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მის დაბარებასთან დაკავშირებით ისაუბრა.

„მთავარი, რაც მე დავაყენე – ეროვნული ინტერესების რანგში აყვანილი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები და სია, რომელიც მივიღეთ, საბოლოო 20-კაციანი სია, რომლის შექმნაზე პასუხისმგებლობა აიღო იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ. როდესაც სასამართლოს თემა დაიწყო, მაშინვე ვთქვი, რომ ჩემთვის მთავარი არის შედეგი. პირველი სია იყო მიუღებელი, ახლა პროცესმა, რასაც ვუყურე, ჩემში ვერ შექმნა ოპტიმიზმი, რომ ამ სიას მე ნდობა გამოვუცხადო.

სია, რომელიც საბოლოოდ წარმოადგინა იუსტიციის საბჭომ, ჯერ შესწავლილი არ მაქვს, ჯერ არის დრო, რომ სია საფუძვლიანად შევისწავლო. ვცდილობ, პასუხისმგებლობით მოვეკიდო. მაგრამ პროცესმა ჩემში ოპტიმიზმი ვერ გამოიწვია. ჩემს თავს დავუწესე შეზღუდვა, რომ სია თუ ვერ დაიმსახურებს ჩემს მხარდაჭერას, რა თქმა უნდა, იმდენად მნიშვნელოვანია ეს თემა, რომ მე უმრავლესობიდან გავალ, მით უმეტეს, თუ სიას უმრავლესობა მხარს დაუჭერს“, – განაცხადა ბიძინა გეგიძემ.