ბიძინა გეგიძე - უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა სია ოპტიმიზმის საშუალებას არ მაძლევს
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ბიძინა გეგიძის განცხადებით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა სია ოპტიმიზმის საშუალებას არ აძლევს, რომ მხარი დაუჭიროს.
როგორც ჟურნალისტებს გეგიძემ განუცხადა, მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის პროცესი ღია და გამჭვირვალე უნდა ყოფილიყო და საზოგადოების ნდობა მოეპოვებინა.
„50 კაციანი სია მივიღეთ. დარჩენილია შემდეგი ეტაპები, ბოლო ეტაპია, რომ სია პარლამენტში შემოვიდეს და მას ან მხარი დავუჭიროთ, ან – არა. სია ოპტიმიზმის საშუალებას არ მაძლევს, რომ მას მხარს დავუჭერ, მით უმეტეს, აგვისტოში. როგორც ამბობენ, სია აგვისტოში უნდა დამტკიცდეს. პროცესმა აუცილებელი ნდობა და განწყობები ვერ მოიპოვა. დამოუკიდებელი სასამართლოს არსებობა ეროვნული ინტერესების ტოლფასია”, – აცხადებს გეგიძე.
ბიძინა გეგიძე დღეს პარლამენტში გამართულ იმ შეხვედრას დაესწრო, სადაც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრებმა ანა დოლიძემ და ნაზი ჯანეზაშვილმა მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის პროცესზე ისაუბრეს.
„მაინტერესებდა, ორი წევრისგან მიმეღო ინფორმაცია , დარჩა თუ არა რესურსი, არის თუ არა 50 კაციანი სიიდან რამდენიმე, ვისაც მხარი უნდა დავუჭირო. ვალდებულება მაქვს, ბევრი ინფორმაცია მივიღო კანდიდატებზე, ვინ არიან, რა რეპუტაცია აქვთ. ვფიქრობ იმაზეც, ხომ არ დავუტოვოთ ეს ვალდებულება და პასუხისმგებლობა შემდეგ პარლამენტს, რომელიც პროპორციული სისტემით იქნება არჩეული, რადგან ამ პარლამენტში სასამართლო ქეისის გარდა, სხვა თემებიცაა”, – განაცხადა დეპუტატმა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 50 კანდიდატთან გასაუბრება იუსტიციის უმაღლეს საბჭოში 17 ივლისს, 11:00 საათიდან დაიწყება. გასაუბრების შემდეგ, იუსტიციის უმაღლესი საბჭო ფარული კენჭისყრის მეშვეობით პარლამენტისთვის წარსადგენ მოსამართლეობის 20 კანდიდატს შეარჩევს.