ბიძინა გეგიძე - პასუხისმგებლობა ეკისრება შინაგან საქმეთა მინისტრს, მე მის ადგილზე გადავდგებოდი
ბიძინა გეგიძე - პასუხისმგებლობა ეკისრება შინაგან საქმეთა მინისტრს, მე მის ადგილზე გადავდგებოდი

პასუხისმგებლობა ეკისრება შინაგან საქმეთა მინისტრს, მე მის ადგილზე გადავდგებოდი, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნება – ძლიერი საქართველოსთვის“ წევრმა ბიძინა გეგიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

ბიძინა გეგიძემ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე პროცესები შეაფასა და აღნიშნა, რომ ზოგჯერ გადაწყვეტილებები მმართველ ძალაში გვიანდება.

„ჩემი პრინციპია, ყველაფერი შედეგიდან გამომდინარე შევაფასო. შედეგი, რომელიც დადგა და მივიღეთ ამ ყველაფრის შემდეგ არიან ადამიანები, ჩვენი მოქალაქეები სამუდამოდ დასახიჩრებულები. არ მაინტერესებს, რა მრწამსის გამო იყვნენ მოსულები, მე ვთვლი, რომ შესაძლებელი იყო აი ამ შედეგების თავიდან აცილება.

აქედან გამომდინარე, ჩემთვის მიუღებელია, პოლიციის ქვედა ეშელონებში ამ შედეგების დადგომის მიზეზების ძებნა. შედეგზე, რომელიც მივიღეთ, პასუხისმგებელია შს მინისტრი. ამას ახალს არაფერს ვამბობ. ვაფასებ შედეგის მიხედვით და პასუხისმგებლობა ეკისრება შინაგან საქმეთა მინისტრს. მე მის ადგილზე გადავდგებოდი. გადაწყვეტილებები ზოგჯერ მმართველ ძალაში გვიანდება. მანამდეც დაგვიანდა გადაწყვეტილება და გაკეთდა განცხადებები რომელმაც მოიტანა აქციის მუხტის გაზრდა“, – განაცხადა ბიძინა გეგიძემ.