ბიძინა გეგიძე მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის 2025 წლამდე გადავადებას მხარს უჭერს
ბიძინა გეგიძე მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის 2025 წლამდე გადავადებას მხარს უჭერს

ფრაქცია „ძლიერი საქართველოსთვის“ თავმჯდომარე ბიძინა გეგიძე მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის 2025 წლამდე გადავადებას მხარს უჭერს.

როგორც ჟურნალისტებს გეგიძემ განუცხადა, მოსამართლეების შერჩევის პროცესი პოზიტიური შედეგით უნდა დამთავრდეს.

„ვერ წარმომიდგენია, რომ განვითარებული პროცესების შემდეგ პარლამენტში მოსამართლეთა კანდიდატობის იგივე სია შემოვიდეს. მხარს ვუჭერ პრინციპებს, რაც კანონპროექტშია ჩადებული. ეს საკითხი ეროვნული ინტერესების ტოლფასი თემაა და დაველოდოთ, რა შედეგი დადგება. ვიბრძოლებ იმისთვის, რომ შედეგი დადგეს”, – განაცხადა დეპუტატმა.

ბიძინა გეგიძე მისი ფრაქციის წევრის, ლევან გოგიჩაიშვილის განცხადებებსაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ის ჩამოყალიბებული პოლიტიკოსია და რასაც ამბობს, მისი პოზიციაა.

„ეს ადამიანი ერთ-ერთი გამორჩეული პოლიტიკოსია”, – აღნიშნა გეგიძემ.

იმ შემთხვევაში, თუ ლევან გოგიჩაიშვილი უმრავლესობას დატოვებს, ბიძინა გეგიძის ფრაქცია არ დაიშლება, რადგან მასში ამ დროისთვის შვიდი დეპუტატია წარმოდგენილი.

ცხრა დეპუტატმა „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში ცვლილებები მოამზადა, რომლის გათვალისწინებით, რაიონულ და სააპელაციო სასამართლოებში მოსამართლეთა უვადოდ განწესება 2024 წლის 31 დეკემბრამდე უნდა შეჩერდეს. კანონპროექტი დღეს დარეგისტრირდა და მას ხელს აწერენ დაპუტეტები: ეკა ბესელია, ზვიად კვაჭანტირაძე, ალექსანდრე ერქვანია, გედევან ფოფხაძე, კობა ნარჩემაშვილი, ლევან გოგიჩაიშვილი, ლევან კობერიძე, დავით ჭიჭინაძე და ოთარ ჩრდილელი.