„ბიბისიში“ აცხადებენ, რომ დონალდ ტრამპმა ვერ დაადასტურა ცილისწამების ბრალდება და ფლორიდის სასამართლოს აშშ-ის პრეზიდენტის სარჩელის გაუქმების მოთხოვნით მიმართეს
„ბიბისიში“ აცხადებენ, რომ დონალდ ტრამპმა ვერ დაადასტურა ცილისწამების ბრალდება და ფლორიდის სასამართლოს აშშ-ის პრეზიდენტის სარჩელის გაუქმების მოთხოვნით მიმართეს

„ბიბისის“ განცხადებით, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ვერ დაამტკიცა, რომ მათ მიერ გადაღებულმა დოკუმენტურმა ფილმმა იგი შეურაცხყო.

მაუწყებელმა ფლორიდის ფედერალურ სასამართლოს მიმართა განცხადებით, სადაც ამტკიცებენ, რომ ტრამპის სარჩელი უნდა გაუქმდეს, რადგან აშშ-ის პრეზიდენტმა ვერ დაადასტურა ცილისწამების ბრალდება.

„ბიბისი“ ასევე აცხადებს, რომ ფლორიდის სასამართლოს ამ საქმის განხილვის იურისდიქცია არ აქვს არც ფლორიდის კანონმდებლობის, არც ფედერალური სამოქალაქო საპროცესო წესების და არც აშშ-ის კონსტიტუციის მიხედვით.

„ბიბისიმ“ დონალდ ტრამპის სარჩელს ოფიციალური პასუხი 17 მარტამდე უნდა გასცეს.

საქმეზე სასამართლო პროცესი 2027 წლის 15 თებერვალს ჩაინიშნა.

ცნობისთვის, საქმე ეხება „ბიბისის“ დოკუმენტურ ფილმს, რომელმაც, როგორც ტელეკომპანია აცხადებს, მაყურებელი შეცდომაში შეიყვანა. დოკუმენტურმა ფილმმა ტრამპის გამოსვლის ორი სხვადასხვა ნაწილი ერთმანეთს მიაბა და ისე წარმოაჩინა, თითქოს დონალდ ტრამპი ღიად მოუწოდებდა მომიტინგეებს კაპიტოლიუმში არეულობებისკენ. რედაქტირებული ვერსიით, ტრამპი ამბობდა: „მივალთ კაპიტოლიუმთან და ვიბრძოლებთ ბოლომდე“. დოკუმენტების გამოქვეყნების შემდეგ „ბიბისიმ“ ბოდიში მოუხადა დონალდ ტრამპს რედაქტირების გამო, მაგრამ უარი თქვა კომპენსაციის გადახდაზე. „ბიბისის“ გენერალურმა დირექტორმა, ტიმ დეივიმ და ახალი ამბების აღმასრულებელმა დირექტორმა, დებორა ტერნესმა კი თანამდებობები დატოვეს.

ამასთან, დონალდ ტრამპმა „ბიბისის“ წინააღმდეგ სარჩელი დეკემბერში შეიტანა და კომპენსაციის სახით ათი მილიარდი დოლარი მოითხოვა. სარჩელის თანახმად, ტრამპმა „ბიბისი“ ცილისწამებასა და სავაჭრო პრაქტიკის შესახებ კანონის დარღვევაში დაადანაშაულა.