ჯონათან სთოუნმენი - საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტებისთვის განკუთვნილი ტრენინგი იქნება კარგი შესაძლებლობა იმაზე სასაუბროდ, როგორ უნდა გააშუქო არჩევნები ისე, რომ პასუხისმგებლიან და სანდო წყაროდ იყო მიჩნეული
ჯონათან სთოუნმენი - საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტებისთვის განკუთვნილი ტრენინგი იქნება კარგი შესაძლებლობა იმაზე სასაუბროდ, როგორ უნდა გააშუქო არჩევნები ისე, რომ პასუხისმგებლიან და სანდო წყაროდ იყო მიჩნეული

საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტებისთვის განკუთვნილ ტრენინგზე ვიმსჯელებთ მნიშვნელოვან თემებსა და საკითხებზე, რაც დაგვეხმარება უკეთ განსაზღვრაში, რა უნდა გაკეთდეს, ეს არ ეხება მხოლოდ წინასაარჩევნო პერიოდს, – ამის შესახებ „ბიბისის“ ტრენერმა, ჯონათან სთოუნმენმა განაცხადა.

მისივე თქმით, წინასაარჩევნო პერიოდი ცვლილებებისთვის კარგი დროა, თუმცა ეს იქნება კარგი შესაძლებლობა იმაზე სასაუბროდ, როგორ მუშაობს ახალი ამბები, როგორი უნდა იყოს სარედაქციო სტანდარტი და როგორ უნდა გააშუქო არჩევნები ისე, რომ პასუხისმგებლიან და სანდო წყაროდ იყო მიჩნეული.

„ვისაუბრებთ უნივერსალურ ღირებულებებსა და ჟურნალისტურ ეთიკაზე. მე არ ვაპირებ ვინმეს მივუთითო, კონკრეტულად ვინ რა უნდა გააკეთოს, ჩვენ ვიმსჯელებთ და დისკუსიით მივიღებთ პასუხს წამოჭრილ საკითხებზე, მათ შორის რთულზეც. ამავდროულად, შევქმნით დოკუმენტს სარედაქციო პოლიტიკის შესახებ, რომელიც საერთაშორისოდ აპრობირებულ, უნივერსალურ ღირებულებებს დაეფუძნება, თუმცა ის აუცილებლად მოიცავს ქართულ სპეციფიკასაც და გააერთიანებს ყველა საუკეთესო სტანდარტს“, – განაცხადა ჯონათან სთოუნმენმა.

ჯონათან სთოუნმენი 20 წლის განმავლობაში BBC-ის ახალი და მიმდინარე ამბების სამსახურში ჟურნალისტის, პროდიუსერის, რედაქტორის და მკვლევარის პოზიციებს იკავებდა, საბოლოოდ კი BBC World Service-ის ტრენინგცენტრის ხელმძღვანელი გახდა. ამჟამად სთოუნმენი საკონსულტაციო კომპანიას Stonepeople Media მართავს.

დატოვე კომენტარი