„ბიბისის“ ინფორმაციით, სირიაში სამხედრო ოპერაციას 11 მშვიდობიანი მოქალაქე და ათობით ქურთი მებრძოლი ემსხვერპლა
„ბიბისის“ ინფორმაციით, სირიაში სამხედრო ოპერაციას 11 მშვიდობიანი მოქალაქე და ათობით ქურთი მებრძოლი ემსხვერპლა

სირიაში მიმდინარე სამხედრო ოპერაციას 11 მშვიდობიანი მოქალაქე და ათობით ქურთი მებრძოლი ემსხვერპლა. აღნიშნულ ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

დიდი ბრიტანეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, ასევე დაიღუპა ერთი თურქი სამხედრო მოსამსახურე. ამის პარალელურად, თურქეთის მიერ წარმოებულ ოპერაცია „მშვიდობის წყაროს“ გამო სირიის ჩრდილოეთში ათობით ათასი ადგილობრივი იძულებული გახდა მშობლიური სახლი დაეტოვებინა.

როგორც ოფიციალური ანკარა იუწყება, ოპერაციის მიზანი თურქეთის მოსაზღვრე სირიის ჩრდილოეთ რეგიონიდან ქურთი მებრძოლების განდევნა და ტერიტორიაზე უსაფრთხო ზონის შექმნაა. სირიის დემოკრატიული ძალები კი, საერთაშორისო ანტიტერორისტული კოალიციის ფარგლებში, ამერიკის შეერთებული შტატების ერთ-ერთი მთავარი მოკავშირეა.

10 ოქტომბერს დაწყებული სამხედრო ოპერაციის გამო ოფიციალური ანკარა ევროპაში მკაცრად გააკრიტიკეს. თავად რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით კი, „მშვიდობის წყარო“ სირიაში იქნება გარანტია იმისა, რომ ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფო“ რეგიონში აღზევებას ვეღარასდროს მოახერხებს.