„ბიბისის“ ინფორმაციით, სატვირთო ავტომობილში აღმოჩენილი ცხედრების ნაწილი ბრიტანეთიდან ვიეტნამში გადაასვენეს
„ბიბისის“ ინფორმაციით, სატვირთო ავტომობილში აღმოჩენილი ცხედრების ნაწილი ბრიტანეთიდან ვიეტნამში გადაასვენეს

დიდ ბრიტანეთში, სატვირთო ავტომობილში აღმოჩენილი ცხედრების ნაწილი ვიეტნამში გადაასვენეს. ამის შესახებ „ბიბისი“ იუწყება.

დიდი ბრიტანეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, 39 დაღუპულიდან 16 პირის ცხედარი სამშობლოში გაგზავნეს. როგორც ცნობილია, თვითმფრინავი ვიეტნამში ადგილობრივი დროით დილის 05:00 საათზე დაეშვება. დანარჩენი დაღუპულების ცხედრებს სამშობლოში მოგვიანებით დააბრუნებენ.

ცოტა ხსნის წინ ცნობილი გახდა, რომ სატვირთო ავტომობილში აღმოჩენილი ცხედრების საქმეზე დიდ ბრიტანეთში კიდევ ერთი ეჭვმიტანილი დააკავეს.

მიმდინარე წლის 23 ოქტომბერს დიდ ბრიტანეთში, ლონდონის მახლობლად მდებარე ქალაქ გრეისში, სატვირთო ავტომობილში 39 ცხედარი აღმოაჩინეს. სატვირთო ავტომობილი ინდუსტრიულ ზონაში იდგა. მანქანა დიდ ბრიტანეთში ბულგარეთიდან 19 ოქტომბერს ჩავიდა. 39 გარდაცვლილს შორის ორი მოზარდი იყო. მომხდართან დაკავშირებით დიდ ბრიტანეთსა და ვიეტნამში პოლიციამ მალევე დააკავა რამდენიმე პირი.