„ბიბისის“ ინფორმაციით, მეცნიერებმა „კოვიდ 19“-ის სამკურნალო ორი მედიკამენტი აღმოაჩინეს
„ბიბისის“ ინფორმაციით, მეცნიერებმა „კოვიდ 19“-ის სამკურნალო ორი მედიკამენტი აღმოაჩინეს

მეცნიერებმა „კოვიდ 19“-ის სამკურნალო, სიცოცხლის გადამრჩენი ორი მედიკამენტი აღმოაჩინეს. ამის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, პრეპარატებს პანდემიის დროს სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია.

საუბარია ანთების საწინააღმდეგო მედიკამენტებზე – „ტოცილიზუმაბსა“ და „სარილუმაბზე“, რომელთა შემოწმება მსოფლიოს ექვს ქვეყანაში მიმდინარეობს.

ლონდონის საიმპერიო კოლეჯის მკვლევრის, პროფესორ ენტონი გორდონის განცხადებით, კვლევებმა აჩვენა, რომ მედიკამენტებმა შესაძლოა, ყოველი მე-12 პაციენტის სიცოცხლე გადაარჩინოს, რაც „დიდი ეფექტია“.

კვლევა აჩვენებს, რომ მედიკამენტები მძიმე პაციენტებში სიკვდილიანობას 8.5 პროცენტით ამცირებს. გარდა ამისა, მკურნალობა აჩქარებს პაციენტების გამოჯანმრთელებას და ერთი კვირით ამცირებს კრიტიკული პაციენტების ინტენსიური თერაპიის ხანგრძლივობას.

ორივე პრეპარატი თანაბრად მუშაობს და ემატება იაფ სტეროიდულ პრეპარატ „დექსამეტაზონს“, რომელიც სიცოცხლის გადამრჩენი პირველი საშუალება აღმოჩნდა.

ახალი მკურნალობის ღირებულება დაახლოებით 750-დან 1000 ფუნტ სტერლინგამდეა თითოეულ პაციენტზე. სიძვირის მიუხედავად, ექსპერტები ამბობენ, რომ ეს გაცილებით ნაკლებია ინტენსიური თერაპიის საწოლის ფასზე, რომლის დღიური ღირებულება 2 000 ფუნტია.