„ბიბისის“ ინფორმაციით, ისრაელსა და ღაზას სექტორს შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ამოქმედდა
„ბიბისის“ ინფორმაციით, ისრაელსა და ღაზას სექტორს შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ამოქმედდა

ისრაელსა და ღაზას სექტორს შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ამოქმედდა. ამის შესახებ „ბიბისი“ იუწყება.

დიდი ბრიტანეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, ოფიციალურ თელ-ავივს ცეცხლის შეწყვეტის ამოქმედების შესახებ ოფიციალური კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია. თუმცა დაჯგუფება „ისლამური ჯიჰადის“ პრესსპიკერმა „ბიბისისთან“ ინტერვიუს დროს განაცხადა, რომ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ადგილობრივი დროით 05:30 საათზე ამოქმედდა.

როგორც დიდი ბრიტანეთის საზოგადოებრივი მაუწყებელი იტყობინება, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება გაერო-ს და ეგვიპტის ერთობლივი მუშაობის შედეგად მოხერხდა.

დაპირისპირება მხარეებს შორის ორი დღის წინ დაიწყო. მას შემდეგ, რაც ისრაელის ავიაიერიშის დროს ღაზას სექტორში მოქმედი დაჯგუფება „ისლამური ჯიჰადის“ ლიდერის ლიკვიდაცია მოხდა.

ორი დღის განმავლობაში დაპირისპირებების შედეგად 32 პალესტინელი დაიღუპა, 63 კი დაშავდა.