სპეციალისტები არ გამორიცხავენ, რომ ავსტრალიაში ტყის ხანძარმა ასობით კოალას სიცოცხლე შეიწირა
სპეციალისტები არ გამორიცხავენ, რომ ავსტრალიაში ტყის ხანძარმა ასობით კოალას სიცოცხლე შეიწირა

ავსტრალიაში ტყის ხანძარმა შესაძლოა, ასობით კოალას სიცოცხლე იმსხვერპლა, –  „ბიბისის“ ცნობით, ასეთ ვარაუდს ექსპერტები გამოთქვამენ.

დიდი ბრიტანეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, ახალი სამხრეთ უელსის შტატში სწორედ ის ადგილი იწვის, სადაც კოალები ბინადრობენ. გავრცელებული ცნობით, სტიქიამ მიმდებარე ტერიტორიაზე ორი ათასი ჰექტარი გადაწვა.

ექსპერტები აცხადებენ, რომ აღნიშნულ რეგიონში კოალების დაღუპვა ეროვნულ ტრაგედიას უტოლდება, რადგან ისინი უიშვიათესი სახეობის წარმომადგენლები იყვნენ. ამასთან ერთად, რეგიონში გენეტიკურად მრავალფეროვანი სახეობების კოალები ცხოვრობდნენ. როგორც მეხანძრეები ამბობენ, დაღუპულების ზუსტი რიცხვის დადგენა, ან გადარჩენილების მოძებნა ჯერ შეუძლებელია, რადგან აღნიშნულ რეგიონში ხანძარი კვლავ მძვინვარებს.

„ბიბისი“ იუწყება, რომ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში კოალების რაოდენობა საგრძნობლად შემცირდა. ექსპერტები ამის მიზეზად რამდენიმე ფაქტორს ასახელებენ. მათ შორის არის კლიმატის ცვლილება, დაავადებების გავრცელება და გარეული ძაღლების გახშირებული თავდასხმები.

ავსტრალიის გარემოს დაცვის სამინისტროს ცნობით, ველურ უნებაში კოალების რაოდენობა ბოლო მონაცემებით, მხოლოდ 43 ათასია.

ავსტრალიაში, ახალი სამხრეთ უელსის შტატში, ბოლო ერთი თვის განმავლობაში ასობით ტყის ხანძრის კერა დაფიქსირდა.