„ბიბისის“ ინფორმაციით, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ჩინეთის მაღალჩინოსნებისთვის ვიზების გაცემა გაამკაცრა
„ბიბისის“ ინფორმაციით, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ჩინეთის მაღალჩინოსნებისთვის ვიზების გაცემა გაამკაცრა

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ჩინეთის მაღალჩინოსნებისთვის ვიზების გაცემა გაამკაცრა. აღნიშნულ ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

დიდი ბრიტანეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, ვაშინგტონის გადაწყვეტილება ჩინეთში უიღურების საკითხს უკავშირდება. როგორც ცნობილია, ვიზის გამკაცრება ჩინეთის იმ მოქალაქეებს შეეხებათ, რომლებიც უიღურების დისკრიმინაციაში ამხილეს. „ბიბისის“ ინფორმაციით, აშშ-ის ვიზებთან დაკავშირებით შეზღუდვები ჩინეთის ხელისუფლების და კომუნისტური პარტიის წევრებს, ასევე მათი ოჯახების წევრებს შეეხებათ.

აღნიშნულ გადაწყვეტილებამდე რამდენიმე დღით ადრე ამერიკის შეერთებულმა შტატებმა 28 ჩინური ორგანიზაცია შავ სიაში შეიყვანა. ვაშინგტონმა ისინი ქვეყანაში მცხოვრები მუსლიმი უმცირესობის დისკრიმინაციაში დაადანაშაულა. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს განმარტებით კი, ჩინეთის ხელისუფლება უიღურების წინააღმდეგ რეპრესიებს ახორციელებს. ოფიციალური პეკინი ყველა ბრალდებას კატეგორიულად უარყოფს.

ამის პარალელურად ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ჩინეთს შორის სავაჭრო ომია. რამდენიმე დღეში ვაშინგტონში მხარეებს შორის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდია დაგეგმილი.