„ბიბისი“ - „თალიბანმა“ ავღანეთის ჩრდილოეთით სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ქალაქი ყუნდუზი დაიკავა
„ბიბისი“ - „თალიბანმა“ ავღანეთის ჩრდილოეთით სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ქალაქი ყუნდუზი დაიკავა

დაჯგუფება „თალიბანმა“ ავღანეთის ჩრდილოეთით სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ქალაქი ყუნდუზი დაიკავა, – ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, ქალაქის ყველა რაიონი, გარდა აეროპორტისა, ტერორისტული დაჯგუფების კონტროლის ქვეშაა. მათი თქმით, ქალაქში ბრძოლის შედეგად ხანძარი გაჩნდა, ყუნდუზის ცენტრში კი „თალიბანის“ დროშაა აღმართული.

მედიის ინფორმაციით, ბრძოლების შედეგად დაღუპულია მშვიდობიანი მოსახლეობა, მათ შორის – ქალები და ბავშვები.

270 ათასი მცხოვრებლით დასახლებული ქალაქი, ქვეყნის ჩრდილოეთ პროვინციებისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებისკენ მიმავალი გზების კარიბჭედ მიიჩნევა და უაღრესად სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს. დაჯგუფება „თალიბანმა“ ბრძოლები, ავღანეთიდან ჯარების გაყვანის შესახებ აშშ-ის ახალი პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ განაახლა. ბოლო კვირების განმავლობაში, დაჯგუფებამ ავღანეთის ბევრ რეგიონზე დაამყარა კონტროლი, ახლა კი პროვინციების ადმინისტრაციული ცენტრებისა და მსხვილი ქალაქების დაკავებას ცდილობენ.