„ბიბისი“ - სლოვაკეთიდან რუსი დიპლომატების გაძევება ბერლინში ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობას უკავშირდება
„ბიბისი“ - სლოვაკეთიდან რუსი დიპლომატების გაძევება ბერლინში ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობას უკავშირდება

„ბიბისის“ ცნობით, სლოვაკეთიდან რუსი დიპლომატების გაძევება ბერლინში ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობას უკავშირდება. როგორც სლოვაკეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, გაძევებულ დიპლომატებს ვენის კონვენციის დარღვევაში და სლოვაკეთის ვიზების ბოროტად გამოყენებაში სდებენ ბრალს.

„საუბარია სანქტ-პეტერბურგში სლოვაკეთის საკონსულოს მიერ გაცემული ვიზის ბოროტად გამოყენებაზე. ამასთან დაკავშირებით სერიოზული დანაშაული ჩაიდინეს ევროკავშირისა და ნატო-ს სხვა წევრი ქვეყნის ტერიტორიაზე“, – განაცხადეს სლოვაკეთის საგარეო უწყებაში.

საგამოძიებო პორტალ „ბელიგქათის“ მონაცემებით, ხანგოშვილის მკვლელობის ერთ-ერთი ორგანიზატორი ევროკავშირში სლოვაკეთის ვიზით გაემგზავრა.

საქართველოს მოქალაქე ზელიმხან ხანგოშვილი 2019 წლის აგვისტოში ბერლინში მოკლეს. გერმანიის პროკურატურამ მკვლელობის შეკვეთასა და ორგანიზებაში რუსეთი დაადანაშაულა.