„ბიბისი“ (BBC) - საუდის არაბეთში ქალებს დამოუკიდებლად მოგზაურობის უფლება მისცეს
„ბიბისი“ (BBC) - საუდის არაბეთში ქალებს დამოუკიდებლად მოგზაურობის უფლება მისცეს

საუდის არაბეთში ქალებს დამოუკიდებლად მოგზაურობის უფლება მისცეს. ამის შესახებ „ბიბისი“ (BBC) იუწყება. სამეფო ბრძანების თანახმად, სრულწლოვან ქალებს საზღვარგარეთ სამოგზაუროდ წასვლა და ამისთვის ვიზის განაცხადის შევსება ნათესავი მამაკაცის თანხლების გარეშე შეეძლებათ. აქამდე საუდელ ქალებს სამოგზაუროდ წასვლა მხოლოდ მეუღლის, მამის, ძმის ან სხვა მამაკაცი ნათესავის თანხმობით შეეძლოთ.

ახალი კანონის თანახმად, საუდის არაბეთის მოქალაქე ქალებს ამიერიდან ქორწინების, განქორწინების და შვილის დაბადების მოწმობის დარეგისტრირება დამოუკიდებლად შეეძლებათ. ამასთან, დარეგულირდება კანონი, რომელიც ქალების მუშაობას ეხება. ამიერიდან საუდის არაბეთის ნებისმიერ მოქალაქეს მუშაობის უფლება ასაკის, სქესისა და სხვა სახის დისკრიმინაციის გარეშე ექნება.

ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში საუდის არაბეთის პრინცმა ქალის უფლებებთან დაკავშირებული კანონები შეცვალა. 2016 წელს მუჰამედ ბინ სალმანმა განაცხადა, რომ 2030 წლისთვის ქვეყნის ეკონომიკის ტრანსფორმაცია მოხდება, ეს კი აღნიშნულ სფეროში ქალების უფრო მეტი ჩართულობით მოხერხდება.