„ბიბისი“ - საბერძნეთში განმეორებითი ბიძგების დროს ორი შენობა ჩამოინგრა
„ბიბისის“ ინფორმაციით, საბერძნეთში გუშინ მომხდარი მიწისძვრის შედეგად სერიოზულად არავინ დაშავებულა, თუმცა განმეორებითი ბიძგების დროს ორი შენობა დაინგრა. ჩამონგრევის დროს ორივე შენობა ცარიელი იყო.
მიწისძვრის დროს ათენის სხვადასხვა უბანში ასობით ადამიანი ლიფტებში გაიჭედა, თუმცა სამაშველო სამსახურის თანამშრომლებმა ყველა მათგანი უსაფრთხოდ გამოიყვანეს. დაფიქსირდა მსუბუქად დაზიანების რამდენიმე შემთხვევაც.
ძლიერი ბიძგების შედეგად საბერძნეთის დედაქალაქში გარკვეული რაიონები ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. ცალკეულ ადგილებში დაზიანდა სატელეფონო კავშირგაბმულობის ხაზებიც. მიწისძვრამ დედაქალაქში შენობების დაზიანება გამოიწვია. „ბიბისის“ ინფორმაციით, ბიძგების დროს 170 წლის პარლამენტის შენობას ბზარები გაუჩნდა.
საბერძნეთში 5,1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა 19 ივლისს მოხდა. სეისმოლოგიური ცენტრის ინფორმაციით, სტიქიის ეპიცენტრი დედაქალაქ ათენიდან 22 კილომეტრის დაშორებით, 12 კილომეტრის სიღრმეში დაფიქსირდა. „ბიბისის“ ინფორმაციით, ბიძგები 15 წამი გაგრძელდა. თითქმის ერთი საათის შემდეგ კი, კიდევ ერთი 4,3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა.