„ბიბისი“ - რუსი პროკურორები ოპოზიციის აქციაზე შვილის წაყვანის გამო ახალგაზრდა წყვილისთვის მეურვეობის უფლების ჩამორთმევას ითხოვენ
„ბიბისი“ - რუსი პროკურორები ოპოზიციის აქციაზე შვილის წაყვანის გამო ახალგაზრდა წყვილისთვის მეურვეობის უფლების ჩამორთმევას ითხოვენ

რუსი პროკურორები ოპოზიციურ დემონსტრაციაზე შვილის წაყვანის შემდეგ, ახალგაზრდა წყვილისთვის მეურვეობის უფლების ჩამორთმევას ცდილობენ. ამის შესახებ „ბიბისი“ იუწყება.

პროკურორების მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ახალგაზრდა მშობლებმა არასანქცირებულ დემონსტრაციაზე შვილის სიცოცხლე საფრთხეში ჩააგდეს, რადგან იქ ყოფნის დროს ერთი წლის ბავშვი მესამე პირს გადასცეს.

ბიბისისთან“ საუბრის დროს დიმიტრი და ოლგა პროკაზოვებმა განაცხადეს, რომ მათ შვილი მეგობარს ცოტა ხნის დააჭერინეს. წყვილის განმარტებით, დემონსტრაციის გამართვის დღეს ისინი ქუჩაში სეირნობდნენ და მანიფესტაციას ცოტა ხნის დაესწრნენ, რადგან ოპოზიციონერებს სოლიდარობას უცხადებდნენ, აქტივისტებს შორის კი, მათ ახლო მეგობარი ნახეს. მათი თქმით, სწორედ ამ დროს ახალგაზრდა წყვილის მეგობარმა ბავშვი ხელში რამდენიმე წუთით დაიჭირა.

პროკურორების მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ბავშვის მამას მოსკოვში დროებითი ბინადრობა აქვს, ამიტომ არჩევნებში ხმის მიცემის უფლება საერთოდ არ ჰქონდა. ამასთან ერთად, განცხადებაში ნათქვამია, რომ პროკურორები დემონსტრაციაზე დამსწრე სხვა პირების საქმეებსაც სწავლობენ.

რუსეთის დედაქალაქში დემონსტრაციები უკვე რამდენიმე კვირაა, იმართება. აქტივისტები საქალაქო დუმაში დამოუკიდებელი კანდიდატების დაბლოკვას აპროტესტებენ. მანიფესტაციები ხშირ შემთხვევაში მასობრივი დაკავებებით სრულდება.