„ბიბისი“ - რუსეთის თავდაცვის სამინისტრო უკრაინას ტყვედ ჩავარდნილი რუსი მებრძოლების დახვრეტაში ადანაშაულებს
„ბიბისი“ - რუსეთის თავდაცვის სამინისტრო უკრაინას ტყვედ ჩავარდნილი რუსი მებრძოლების დახვრეტაში ადანაშაულებს

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო უკრაინას ტყვედ ჩავარდნილი რუსი მებრძოლების დახვრეტაში ადანაშაულებს. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

მედიის ცნობით, ბრალდების შემდეგ მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც ერთ-ერთ „ტელეგრამ“ არხზე ვიდეოკადრები გავრცელდა, სადაც როგორც ირწმუნებიან უკრაინელი სამხედროები ლუგანსკის ოლქში, ხვრეტენ რუს სამხედროებს.

როგორც „ბიბისი“ წერს, თავად დახვრეტის მომენტი კადრებში ასახული არ არის. ამასთან, ამ დროისთვის არც კადრების ავთენტურობა არ არის ოფიციალურად დადგენილი.

მედიის ინფორმაციით, რუსეთმა აღნიშნული შემთხვევის გამოძიების მოთხოვნით, საერთაშორისო ორგანიზაციებსაც მიმართა. ამ ფაქტთან დაკავშირებით, ჯერ კომენტარი არ გაუკეთებია უკრაინულ მხარეს.

როგორც „ბიბისი“ წერს, კადრებში ასახული შემთხვევა სავარაუდოდ 12 ნოემბერს ან უფრო ადრე, მაკიივკას დასახლებაში, ფრონტის ხაზთან მოხდა. ამავე საღამოს, უკრაინულ ვებგვერდებზე გავრცელდა დრონით გადაღებული კადრები, სადაც ჩანს რუსი სამხედროების ცხედრები ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლის ეზოში, თანმხლებ ტექსტში კი, საუბარი იყო ტყვიამფრქვევით გახსნილ ცეცხლზე, რასაც რუსი სამხედროები ემსხვერპლნენ. თუმცა, „ბიბისის“ ცნობით, რუსული მედიასაშუალებები ირწმუნებიან, რომ უკრაინის მე-80 საჰაერო-სადესანტო ბრიგადის წევრებმა გაუსამართლებლად დასაჯეს რუსი სამხედროები.

მედიის ინფორმაციით, 17 ნოემბერს, ამავე მოვლენების ამსახველი კიდევ ახალი კადრები გავრცელდა, რომელიც უკრაინელი სამხედროების მიერ არის გადაღებული და ჩანს, როგორ უბრძანეს ფარდულში შეფარებულ რუს სამხედროებს გარეთ გამოსვლა. ამ კადრებში ასახულია, როგორ ჩნდება მუქ ფერებში შემოსილი სამხედრო პირი და ცეცხლს ხსნის, იმ დროს, როდესაც ტყვეები მიწაზე წვანან. ამის შემდეგ კამერა ძირს ეცემა და ისმის გასროლის ხმები. თუმცა, შეუძლებელია იმის გარჩევა, ვინ ისვრის. როგორც „ბიბისიმ“ დრონითა და ტელეფონით გადაღებული კადრების შესწავლით დაასკვნა, ასახულია ერთი და იგივე ინციდენტი.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო მომხდარს „გამიზნულ და მეთოდურ“ მკვლელობად აფასებს, რომლის დროსაც, თავის არეში განხორციელებული გასროლით 10-ზე მეტი რუსი სამხედრო იქნა მოკლული.