„ბიბისი“ - ქურთული ძალები იმუქრებიან, რომ „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლების ოჯახის წევრთა ბანაკების დაცვას შეწყვეტენ
„ბიბისი“ - ქურთული ძალები იმუქრებიან, რომ „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლების ოჯახის წევრთა ბანაკების დაცვას შეწყვეტენ

„ბიბისის“ ცნობით, სირიის ჩრდილოეთ ნაწილში მოქმედი ქურთული ძალები იმუქრებიან, რომ „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლების ოჯახის წევრთა ბანაკების დაცვას შეწყვეტენ. ამის შესახებ განცხადება „სირიის დემოკრატიული ძალების“ წარმომადგენლებმა გააკეთეს.

მათი თქმით, თუ თურქეთი განაგრძობს სირიის ჩრდილოეთ ნაწილში სახმელეთო ოპერაციას, მაშინ ქურთული ძალები ვეღარ უზრუნველყოფენ იმ ბანაკების დაცვას, სადაც ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლთა ოჯახების წევრები იმყოფებიან.

როგორც სირიელი ქურთების თავდაცვითი რაზმების მეთაურები ამტკიცებენ, თურქეთის ბოლო ავიაიერიშების შედეგად აღნიშნული ბანაკების დაცვაზე პასუხისმგებელი შვიდი სამხედრო დაიღუპა.

მათივე ცნობით, დაბომბვის დროს ბანაკიდან ექვსი უცხოელი გაიქცა, თუმცა შემდეგ მათი დაკავება მოხერხდა. სირიელი ქურთების წარმომადგენლები ასევე ამტკიცებენ, რომ თურქეთმა დარტყმები მიიტანა სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე, როგორებიცაა, ელექტროსადგურები და ნავთობის ობიექტები. მათი თქმით, ასეთი იერიშები საიმიგრაციო კრიზისს გაამწვავებს.

თურქეთმა სირიისა და ერაყის ჩრდილოეთში წერტილოვანი დარტყმები განახორციელა. ანკარაში აცხადებენ, რომ ოპერაციის მიზანი თურქეთის საზღვრის სიახლოვეს მოქმედი ტერორისტული დაჯგუფებების განადგურებაა. თურქეთი სირიელი ქურთების თავდაცვით რაზმებს ტერორისტებად მიიჩნევს. ამასთან, ქურთი მებრძოლები ჩართულნი არიან ტერორისტულ დაჯგუფება „ისლამურ სახელმწიფოსთან“ ბრძოლაში და მათ მხარს უჭერს აშშ. პენტაგონში აცხადებენ, რომ თურქეთის დარტყმებმა საფრთხე შეუქმნა აშშ-ის პერსონალსა და მათ პარტნიორებს, ეს კი, თავის მხრივ, „ისლამურ სახელმწიფოსთან“ ბრძოლას შეაფერხებს.