„ბიბისი“ - პენტაგონმა ტრამპის კრიტიკით ცნობილ გენერალ მარკ მილის უსაფრთხოების სამსახურსა და პირად დაცვასთან წვდომა გააუქმა, აშშ-ის თავდაცვის მდივანმა მის მიმართ გამოძიების დაწყებაც მოითხოვა
„ბიბისი“ - პენტაგონმა ტრამპის კრიტიკით ცნობილ გენერალ მარკ მილის უსაფრთხოების სამსახურსა და პირად დაცვასთან წვდომა გააუქმა, აშშ-ის თავდაცვის მდივანმა მის მიმართ გამოძიების დაწყებაც მოითხოვა

პენტაგონმა გენერალ მარკ მილის უსაფრთხოების სამსახურსა და პირად დაცვასთან წვდომა გააუქმა.

„ბიბისის“ ცნობით, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის კრიტიკით ცნობილი გენერლისთვის უსაფრთხოების სამსახურსა და პირად დაცვასთან წვდომის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილება აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, პიტ ჰეგსეთმა თანამდებობაზე დანიშვნიდან პირველივე დღეებში მიიღო.

ჰეგსეთმა ასევე მოითხოვა გამოძიების დაწყება გენერალ მილის ქცევასთან დაკავშირებით და მისი სამხედრო წოდების გადახედვა.

როგორც ცნობილია, გენერალმა მილიმ ტრამპს „ფაშისტი“ და „ქვეყნისათვის ერთ-ერთი ყველაზე საშიში ადამიანი“ უწოდა. „ბიბისის“ ცნობით, თეთრ სახლში დაბრუნებამდე ტრამპმა გენერალი მილი ღალატში დაადანაშაულა. საქმე ეხება მილის მიერ ჩინელ კოლეგასთან გამართულ სატელეფონო საუბრებს. გავრცელებული ცნობით, გენერალმა მილიმ ერთ-ერთი საუბრისას სცადა, დაერწმუნებინა ჩინელი კოლეგა, რომ აშშ არ განახორციელებდა ბირთვულ დარტყმას. სოციალურ მედიაში ტრამპმა ეს საუბარი დაახასიათა, როგორც „საზარელი ქმედება, რომელიც წარსულში სიკვდილით დაისჯებოდა“.

ცნობისთვის, გასულ კვირას აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა გენერალი მილი წინასწარ შეიწყალა. ბაიდენის განცხადებით, შეწყალება არ უნდა იყოს აღქმული, როგორც აღიარება იმისა, რომ გენერალი მილი ან სხვა, ვისაც შეწყალება შეეხო, რაიმე დანაშაულში მონაწილეობდა. მანამდე, ტრამპის ინაუგურაციიდან რამდენიმე საათში ტრამპის ადმინისტრაციამ ასევე გაუუქმა უსაფრთხოების დაცვა ყოფილ სახელმწიფო მდივანს, მაიკ პომპეოს და ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში პრეზიდენტის ყოფილ მრჩეველს, ჯონ ბოლტონს. ტრამპის ადმინისტრაციის თანამდებობის პირებმა ასევე მოხსნეს პენტაგონიდან პორტრეტი, რომელზეც გენერალი მილი გამოსახული იყო, როგორც გაერთიანებული შტაბების უფროსი.