„ბიბისი“ - კვლევის მიხედვით, სელექციური აბორტის გამო, მსოფლიოში 23 მილიონი გოგონა არ დაიბადა
„ბიბისი“ - კვლევის მიხედვით, სელექციური აბორტის გამო, მსოფლიოში 23 მილიონი გოგონა არ დაიბადა

სელექციური აბორტის გამო, მსოფლიოში 23 მილიონი გოგონა არ დაიბადა. ასეთია მასშტაბური კვლევის შედეგი, რომელიც მიმდინარე კვირას, ამერიკის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ჟურნალში გამოქვეყნდა. ინფორმაციას ამის შესახებ „ბიბისი“ ავრცელებს.

როგორც კვლევაშია აღნიშნული, მეცნიერებმა შეისწავლეს ბოლო რამდენიმე ათწლეულის შობადობის მონაცემები მთელ მსოფლიოში. შედეგად აღმოაჩინეს, რომ ამ პერიოდის განმავლობაში, რამდენიმე ქვეყანაში ახალშობილთა სქესის თანაფარდობაში მკვეთრი ცვლილებები განხორციელდა. ზოგიერთ ქვეყანაში შემცირდა დაბადებული გოგონების რაოდენობა ბიჭების კი, გაიზარდა. ამერიკელმა და სინგაპურელმა მეცნიერებმა 1970-2017 წლებში ორასი ქვეყნის შობადობის სტატისტიკა შეისწავლეს.

კვლევის მიხედვით, განსაკუთრებით მკაფიოდ ამგვარი ტენდენცია გამოვლინდა 11 ქვეყანაში, მათ შორის, საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში. თუმცა, სელექციური აბორტების ყველაზე დიდი წილი ინდოეთსა და ჩინეთზე მოდის.

ასევე, ბიჭების შობადობის ანომალიურად გაზრდილი მაჩვენებელი დაფიქსირდა ალბანეთში, მონტენეგროში, ვიეტნამში, ტაივანში, სამხრეთ კორეასა და ტუნისში.

კვლევის თანახმად, საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში სელექციური აბორტების მაჩვენებლის მკვეთრი ზრდა საბჭოთა კავშირის დაშლისა და შემდგომ პერიოდს დაემთხვა. ამასთან, როგორც მეცნიერები აღნიშნავენ, თუკი საქართველოში გოგონებისა და ბიჭების შობადობის თანაფარდობა უკვე ნორმალურ მაჩვენებელს დაუბრუნდა, სომხეთსა და აზერბაიჯანში სელექციური აბორტების პრაქტიკა კვლავ ფართოდაა გავრცელებული.

2017 წლის მონაცემებით, ამ ქვეყნებში ყოველ 100 ახალშობილ გოგონაზე 112-113 ბიჭი მოდიოდა.