„ბიბისი“ – ისლანდიაში ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების განახლების საკითხზე ჩატარებული რეფერენდუმის შედეგი ჯერ კიდევ გაურკვეველი რჩება
ისლანდიაში ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების განახლების საკითხზე ჩატარებული რეფერენდუმის შედეგი ჯერ კიდევ გაურკვეველი რჩება. „ბიბისის“ ცნობით, 270 000 ამომრჩევლიდან 153 197 ბიულეტენის დათვლის შემდეგ 50.1%-მა მთავრობის წინადადება უარყო, ხოლო 49.9%-მა მხარი დაუჭირა. სხვაობა სულ 435 ხმას შეადგენს.
ცნობისთვის, ცენტრისტულ-მემარცხენე პრემიერ-მინისტრის, კრისტრუნ ფროსტადოუტირის მთავრობა ევროკავშირთან გაწევრიანების მოლაპარაკებების განახლების საკითხზე რეფერენდუმის ჩატარებას 2027 წლამდე გეგმავდა, თუმცა საერთაშორისო დაძაბულობის, მათ შორის აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ გრენლანდიასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებების გამო კენჭისყრა ვადაზე ადრე ჩატარდა.
ისლანდიაში რეფერენდუმის კამპანიის დროს დებატების მთავარი თემა არა უსაფრთხოება, არამედ თევზჭერის ინდუსტრიასთან დაკავშირებული საკითხები იყო.
ისლანდია უკვე არის ევროკავშირის ერთიანი ბაზრისა და შენგენის უვიზო ზონის წევრი. ევროკავშირში გაწევრიანების შემთხვევაში ქვეყანა საბაჟო კავშირში შევა და საბოლოოდ ევროსაც შემოიღებს.
ისლანდიამ ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადი 2009 წელს, 2008 წლის ფინანსური კრიზისისა და ქვეყნის საბანკო სისტემის კოლაფსის შემდეგ შეიტანა.
2013 წელს ხელისუფლებაში ევროკავშირის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი მთავრობა მივიდა და მოლაპარაკებები შეაჩერა. მაშინაც მთავარი დაბრკოლება თევზჭერის უფლებები იყო და ეს საკითხი დღესაც ყველაზე სადავოდ რჩება.
თევზისა და საზღვაო პროდუქტების ინდუსტრიაზე ისლანდიის ექსპორტის თითქმის 40% მოდის. რეფერენდუმზე „არა“-ს მომხრეების დიდი ნაწილი შიშობდა, რომ ევროკავშირში გაწევრიანების შემთხვევაში ქვეყანა ევროკავშირის საერთო პოლიტიკის ფარგლებში საკუთარ მომგებიან თევზსაჭერ ზონებზე კონტროლს დაკარგავდა.
მიუხედავად იმისა, რომ რეფერენდუმის კამპანიაში ეკონომიკური საკითხები დომინირებდა, მნიშვნელოვანი ადგილი ეკავა უსაფრთხოების თემასაც.
ისლანდია ნატო-ს დამფუძნებელი წევრია, თუმცა საკუთარი შეიარაღებული ძალები არ ჰყავს და თავდაცვისთვის მოკავშირეებზეა დამოკიდებული.
ქვეყანა უკრაინას რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ მხარს უჭერს. ისლანდიის ოფიციალური პირები ასევე შეშფოთებული არიან კუნძულის მიმდებარე ტერიტორიებზე რუსეთის საზღვაო აქტივობის ზრდით.
დონალდ ტრამპის მიერ გრენლანდიის ხელში ჩაგდების შესახებ გამოთქმულმა ინტერესმა კი ისლანდიაში უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებული შეშფოთება კიდევ უფრო გააძლიერა.