„ბიბისი“ - ჰუმანიტარული ორგანიზაციები სუდანის ქალაქ ელ-ფაშერში მასობრივ მკვლელობებზე საუბრობენ და გენოციდის საფრთხეზე მიუთითებენ
სუდანის ქალაქ ელ-ფაშერში სისტემური მკვლელობების შესახებ გავრცელებული ცნობების გამო ჰუმანიტარული ორგანიზაციები და უფლებადამცველები გენოციდზე საუბრობენ. ინფორმაციას ამის შესახებ „ბიბისი“ ავრცელებს.
ცნობისთვის, ქალაქი ელ-ფაშერი 18-თვიანი ალყის შემდეგ, ცოტა ხნის წინ დაიკავეს სუდანში მოქმედი ნახევრად გასამხედროებული ფორმირების, „სწრაფი რეაგირების ძალების“ წევრებმა, რომლებიც არმიას უპირისპირდებიან.
„ბიბისის“ ცნობით, 2023 წლიდან სუდანში მიმდინარე დაპირისპირების ფონზე „სწრაფი რეაგირების ძალების“ წევრებს არაერთხელ დასდეს ბრალი ეთნიკურ ნიადაგზე ჩადენილ მკვლელობებში.
როგორც „ბიბისი“ წერს, ადგილობრივები ელ-ფაშერში არსებული მძიმე მდგომარეობის შესახებ ჰყვებიან. მათ შორის ქალაქში ხშირია ძარცვა და მკვლელობები. 29 ოქტომბერს გარკვეული „გადაცდომები“ აღიარა „სწრაფი რეაგირების ძალების“ მეთაურმაც და დამნაშავეების დასჯის პირობა დადო.
ამასთან, „ბიბისის“ ინფორმაციით, იელის უნივერსიტეტის ჰუმანიტარული კვლევითი ლაბორატორიის მიერ შესწავლილი თანამგზავრული სურათები მასობრივი მკვლელობების ნიშნებზე მიუთითებს.
თვითმხილველებზე დაყრდნობით, მკვლელობების შესახებ ინფორმაციას ასევე ავრცელებს ორგანიზაცია „ექიმები საზღვრებს გარეშე“.
შურისძიების მიზნით ეთნიკურ ჯგუფებზე თავდასხმაში ადანაშაულებენ ასევე არმიასაც.
ჰუმანიტარული ორგანიზაციები და უფლებადამცველები აცხადებენ, რომ ქალაქ ელ-ფაშერში მასობრივი მკვლელობები პროგნოზირებადი იყო, თუმცა საერთაშორისო საზოგადოებამ მშვიდობიანი მოქალაქეების დასაცავად არაფერი გააკეთა. მათივე თქმით, თუ მდგომარეობა უცვლელი დარჩება სუდანში გენოციდი, შესაძლოა, განმეორდეს.