„ბიბისი“ – ღაზის სამშვიდობო გეგმის განხორციელების თაობაზე „ჰამასთან“ მოლაპარაკებების შემდეგ, ჯარედ კუშნერი ბენიამინ ნეთანიაჰუს შეხვდა
ახლო აღმოსავლეთში დონალდ ტრამპის წარმომადგენელი ჯარედ კუშნერი ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს შეხვდა. დღესვე ნეთანიაჰუს ხვდებიან „მშვიდობის საბჭოს“ წარმომადგენლები ნიკოლაი მლადენოვი და ტონი ბლერიც.
კუშნერი ისრაელში კვირას საღამოს ეგვიპტიდან ჩავიდა მას შემდეგ, რაც ღაზის სამშვიდობო გეგმის განხორციელების თაობაზე „ჰამასთან“ მოლაპარაკებები გამართა.
როგორც BBC-თან პალესტინელმა ოფიციალურმა პირმა განაცხადა, კუშნერი „ჰამასის“ ახალი ლიდერის, ხალილ ალ-ჰაიას დელეგაციას შეხვდა, რაც გასული წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შემდეგ, მაღალ დონეზე გამართული პირველი შეხვედრაა, რომელსაც ასევე ესწრებოდნენ ტრამპის „მშვიდობის საბჭოს“ წარმომადგენლები ნიკოლაი მლადენოვი და ტონი ბლერი, ასევე ეგვიპტის, კატარისა და თურქეთის წარმომადგენლები.
ოფიციალური განცხადება არ გაკეთებულა, თუმცა CBS News-ის წყაროს თანახმად, განხილული იყო მმართველობის გადაცემა ღაზის ეროვნული კომიტეტისთვის, ჰამასის მმართველობითი როლის გამორიცხვა, ისრაელის ძალების გაყვანა და საერთაშორისო სტაბილიზაციის ძალების განლაგება.
მოგვიანებით, „ჰამასმა“ მოუწოდა შუამავლებსა და „მშვიდობის საბჭოს“, აიძულონ ისრაელი დაამტკიცოს საგზაო რუკა შემდგომი ნაბიჯებისთვის.
Fox News-თან დღევანდელ სატელეფონო ინტერვიუში პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა აღნიშნა, რომ „ჰამასი“ „იარაღს ყრის“ და რომ ისრაელმა ღაზაში დარტყმები არ უნდა განახორციელოს.
ცნობისთვის, გასულ კვირას ისრაელმა უარყო ტრამპის 15-პუნქტიანი სამშვიდობო გეგმა, რომელიც ასევე ითვალისწინებს ისრაელის ჯარების გაყვანას და ღაზის აღდგენას ახალი სამოქალაქო პალესტინური ადმინისტრაციის მართვის ქვეშ. უარყოფას წინ უსწრებდა ტრამპის „მშვიდობის საბჭოს“ განცხადება, რომ მიღწეული იყო შეთანხმება „ჰამასისა“ და სხვა შეიარაღებული ჯგუფების „სრულ განიარაღებაზე“.
აღსანიშნავია, რომ „ჰამასი“ თანახმაა, დაყაროს იარაღი ისრაელის ჯარების ეტაპობრივი გაყვანის სანაცვლოდ, თუმცა ისრაელი გასვლამდე მოითხოვს სრულ განიარაღებას და ჩამორთმეული იარაღი განადგურებას.
ისრაელს ასევე წინააღმდეგობა აქვს თურქეთისა და კატარის ჩართულობაზე ჰამასის ვალდებულებების შემოწმებაში.
16 აგვისტოს, ეგვიპტემ, არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა, კატარმა, საუდის არაბეთმა, იორდანიამ, თურქეთმა, პაკისტანმა და ინდონეზიამ განაცხადეს, რომ ისრაელის მიერ გეგმის უარყოფა საფრთხეს უქმნის ტრამპის სამშვიდობო ძალისხმევას. გეგმის უარყოფის შემდეგ დაფიქსირდა დროებითი პაუზა ისრაელის საჰაერო იერიშებში, თუმცა შეტევები გრძელდება. ცეცხლის შეწყვეტა, რომელიც ძალაში 2025 წლის 10 ოქტომბერს შევიდა, ფორმალურად ინარჩუნებს ძალას, თუმცა ისრაელის თავდაცვის ძალები ყოველდღიურად ახორციელებს დარტყმებს. ჰამასის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, რომელსაც გაერო სანდოდ მიიჩნევს, ცეცხლის შეწყვეტის დაწყების შემდეგ დაიღუპა 1200-ზე მეტი ადამიანი. UNICEF-ის მონაცემებით, მათ შორის, სულ მცირე, 300 ბავშვია.