„ბიბისი“ - გაერო-ს ინფორმაციით, ირანი ურანის 20 პროცენტით გამდიდრებას გეგმავს
„ბიბისი“ - გაერო-ს ინფორმაციით, ირანი ურანის 20 პროცენტით გამდიდრებას გეგმავს

გაერო-ს ინფორმაციით, ირანი ურანის 20 პროცენტით გამდიდრებას გეგმავს. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

„საერთაშორისო ატომური ენერგიის სააგენტოში“ აცხადებენ, რომ ირანმა გაერო-ს ორგანიზაციას გეგმების შესახებ თავად აცნობა. თეირანში აცხადებენ, რომ ურანის გამდიდრება „ფორდოუს“ ბირთვულ ქარხანაში მოხდება, რომელიც მთებში მდებარეობს.

„საერთაშორისო ატომური ენერგიის სააგენტოს“ ინფორმაციით, ირანი კონკრეტულ დროს არ ასახელებს, როდის გეგმავს ურანის გამდიდრების დაწყებას.

როგორც „ბიბისი“ წერს, ირანმა ურანის გამდიდრების მაჩვენებლის ზრდა, ქვეყნის ბირთვული მეცნიერის, მოჰსენ ფახრიზადეს მკვლელობის შემდეგ გადაწყვიტა. შესაბამისი დადგენილება ქვეყნის პარლამენტმა მიიღო.

2015 წლის საერთაშორისო ბირთვული შეთანხმებით, ირანი ვალდებული იყო, ურანის გამდიდრების მაჩვენებელი 4-პროცენტიან ზღვარზე შეენარჩუნებინა. ბირთვული ბომბის დასამზადებლად ურანის 90-პროცენტიანი გამდიდრებაა საჭირო.

დატოვე კომენტარი