„ბიბისი“ - ეთიოპიამ რუკაზე სომალი წაშალა, თუმცა შემდეგ ბოდიში მოიხადა
„ბიბისი“ - ეთიოპიამ რუკაზე სომალი წაშალა, თუმცა შემდეგ ბოდიში მოიხადა

ეთიოპიამ რუკაზე სომალი წაშალა, თუმცა შემდეგ ბოდიში მოიხადა, – ინფორმაციას ტელეკომპანია „ბიბისი“ ავრცელებს.

როგორც აღმოჩნდა, ეთიოპიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ აფრიკის რუკაზე სომალი მეზობელი ეთიოპიის ნაწილად იყო გამოსახული.

„ჩვენ მწუხარებას გამოვხატავთ მომხდარი ინციდენტისა და იმ გაუგებრობის გამო, რაც შეიძლება ამას მოჰყოლოდა“, – განაცხადეს ეთიოპიის საგარეო უწყებაში.

აღსანიშნავია, რომ ეთიოპიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე სომალი საერთოდ წაშლილი იყო, ხოლო სომალილენდი, რომლიც საერთაშორისო საზოგადოების მიერ არაა აღიარებული, რუკაზე მოხვდა.

ეთიოპიის საგარეო უწყების შეცდომამ სომალის მოქალაქეების აღშფოთება გამოიწვია. მათი ნაწილი სოციალურ ქსელში წერდა, რომ ეთიოპია მათი კუთვნილი ტერიტორიების ანექსიას აპირებს და ეს რუკა ამ გეგმის ნაწილია.

ბევრმა ისიც შენიშნა, რომ რუკაზე სხვა შეცდომებიც იყო. კერძოდ, რუკაზე არ იყო სამხრეთ სუდანი, რომელიც 2011 წელს გამოეყო სუდანს.

სომალიმ და ეთიოპია, საზღვრის გამო, წარსულში რამდენჯერმე იომეს. თუმცა, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები ბოლო პერიოდში გაუმჯობესდა.