„ბიბისი“ – ესპანეთის დაზვერვამ სეუტაში მიგრანტების მასობრივი გადასვლის გეგმის შესახებ ხელისუფლება მომხდარამდე ერთი დღით ადრე გააფრთხილა
ესპანეთის სადაზვერვო სამსახურებმა სეუტაში მიგრანტების მასობრივი გადასვლისკენ სოციალურ ქსელებში გავრცელებული მოწოდებების შესახებ ხელისუფლება ერთი დღით ადრე გააფრთხილეს. „ბიბისის“ ცნობით, ამის შესახებ საუბარია ესპანეთის მთავრობის მიერ გასაჯაროებულ დოკუმენტებში.
დოკუმენტების მას შემდეგ გამოქვეყნდა, რაც ესპანეთის მთავრობას ბრალი დასდეს, რომ მიგრანტების მასობრივი შემოდინების შესახებ საზოგადოებას სრული ინფორმაცია არ მიაწოდა.
დოკუმენტების მიხედვით, 29 ივლისს ესპანეთის ეროვნულმა სადაზვერვო ცენტრმა მაროკოსა და სეუტის ხელისუფლებას აცნობა, რომ სოციალურ ქსელებში მიგრანტებს 30 ივლისს ესპანეთის ტერიტორიისკენ მასობრივი გადასვლისკენ მოუწოდებდნენ.
ესპანეთის პრემიერ-მინისტრი პედრო სანჩესი ამტკიცებდა, რომ 30 ივლისს განვითარებული მოვლენების წინასწარ პროგნოზირება შეუძლებელი იყო, თუმცა, ოპოზიციური პარტიების განცხადებით, დოკუმენტები აჩვენებს, რომ მთავრობამ ესპანეთის მოსახლეობა შეცდომაში შეიყვანა.
სეუტის მერის მონაცემებით, 30 და 31 ივლისს მაროკოდან სეუტაში, სულ მცირე, 72 000 მიგრანტი გადავიდა. მათი უმეტესობა სასაზღვრო ღობის შემოვლით, ზღვით, ცურვით გადავიდა. გადასვლისას, სულ მცირე, 100 ადამიანი დაიღუპა.
მიუხედავად იმისა, რომ მათი უმეტესობა მაროკოში დაბრუნდა, 5 000-მდე მიგრანტი კვლავ რჩება. ისინი დროებით ბანაკებში ან ქალაქის ქუჩებსა და პლაჟებზე მოწყობილ კარვებში ცხოვრობენ.
ამას ესპანეთის ჩრდილოეთ აფრიკულ ავტონომიურ ქალაქში დაძაბულობა ახლავს თან. ადგილობრივმა მოსახლეობამ უსაფრთხოების გამო შეშფოთება გამოთქვა, ზოგიერთმა კი მიგრანტებისთვის მოწყობილი თავშესაფრები დაანგრია და მათთვის ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებას ხელი შეუშალა.
29 ივლისით დათარიღებულ ჩანაწერში ესპანეთის ეროვნულმა სადაზვერვო ცენტრმა მაროკოს დაზვერვას აცნობა, რომ მან გამოავლინა WhatsApp-ისა და Facebook-ის ჯგუფები, რომლებშიც მიგრანტებს მეორე დღეს სეუტაში გადასვლისკენ მოუწოდებდნენ — „როგორც ცურვით, ასევე სასაზღვრო ღობის გავლით“.
ამ შეტყობინებებს დაახლოებით 180 000 ადამიანი იღებდა. ერთ-ერთ შეტყობინებაში ეწერა: „ვისაც გადასვლა სურს, 30 ივლისს, ტახტის დღეს, დილის 08:00 საათზე ბოლო შანსი აქვს – ხელისუფლება დღესასწაულებითა და აღლუმებით იქნება დაკავებული“.
ესპანეთის დაზვერვამ სოციალურ ქსელებში გავრცელებული ინფორმაციის შესახებ მოკლე ტექსტური შეტყობინებით ასევე გააფრთხილა სეუტაში ცენტრალური მთავრობის წარმომადგენლები და სამოქალაქო გვარდიაც.
დოკუმენტების გასაჯაროებამდე ცოტა ხნით ადრე ესპანურ ტელევიზიასთან ინტერვიუში ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ „მიგრანტების მასობრივი შემოდინება მოსალოდნელი არ იყო“.
ოპოზიციონერმა პოლიტიკოსები კი ამტკიცებენ, რომ ახლად გასაჯაროებული მასალა ამ განცხადებას ეწინააღმდეგება.
„მათ ჰქონდათ ინფორმაცია. ისინი უშუალოდ არიან პასუხისმგებელი სეუტაში შეჭრასა და დაღუპულ ადამიანებზე“, – განაცხადა კონსერვატიული „სახალხო პარტიის“ წარმომადგენელმა, ესტერ მუნიოსმა.
ულტრამემარჯვენე პარტიის, „ვოქსის“ წარმომადგენელმა ხორხე ბუქსადემ სოციალურ ქსელში განაცხადა, რომ დოკუმენტები აჩვენებს, რომ სანჩესი „და მისი კრიმინალების ბანდა ღალატისა და უსაფრთხოების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულებისთვის უზენაესი სასამართლოს წინაშე უნდა წარდგნენ“.
მთავრობა კვლავ ამტკიცებს, რომ არსებული ინფორმაციის საფუძველზე შესაბამისი ზომები მიიღო.
ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ხოსე მანუელ ალბარესმა განაცხადა, რომ მისთვის „უცნობია რაიმე ანგარიში, რომელსაც 30 ივლისს მომხდარი მოვლენების მასშტაბის წინასწარ განსაზღვრა შეეძლო“.
მთავრობის წარმომადგენელმა კი განაცხადა, რომ გამოქვეყნებული დოკუმენტები „აჩვენებს, რომ მასობრივი გადასვლის წინ არსებული ინფორმაცია არ იძლეოდა შესაძლებლობას, წინასწარ განესაზღვრათ კრიზისის მასშტაბი ან საკმარისი დროით ადრე მოემზადებინათ აუცილებელი რეაგირება“.
სეუტაში ცენტრალური მთავრობის დელეგატმა, მიგელ ანხელ პერეს ტრიანომ დაზვერვუს მიერ მიგრანტების მასობრივი გადასვლის წინა დღეს მის ოფისში გაგზავნილ ტექსტურ შეტყობინებებზე საუბრისას განაცხადა: „29 ივლისის WhatsApp-ის შეტყობინებები არ წარმოადგენს არც გაფრთხილებას და არც ანგარიშს. ეს მხოლოდ ინფორმაციის გაცვლა იყო“.